20 ოქტომბერი 2021,   12:01
ვრცლად
რატომ გაიმეტა 26 წლის ბიჭმა 62 წლის მწყემსი სასიკვდილოდ - რას ყვებიან "კურიერთან" დაკავებული ბექა ხაჩიძის ოჯახის წევრები

თიანეთში მომხდარი მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ბექა ხაჩიძე.

გამოძიების ინფორმაცით, მან დანით სასიკვდილო ჭრილობები კოტე ჩხერაულს მიაყენა. 62 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ოფიციალური მიზეზი  ურთიერთშელაპარაკებაა. ეს ვარაუდი "კურიერთან" დღეს ეჭვმიტანილის დედამ არც უარყო და არც დაადასტურა.

კოტე ჩხერაული ბექა ხაჩიძის მშობლებმა პირუტყვის მოსავლელად რამდენიმე წლის წინ დაიქირავეს. დაკავებული ხაჩიძის ბაბუა ამბობს, რომ მისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მისი შვილიშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდებოდეს.

როგორც ქვემო ალვანში ამბობენ, ხაჩიძეს და ჩხერაულს აქამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ, შესაბამისად, მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ.

"კურიერის" ინფორმაცით, შემთხვევა თიანეთის ტყეში გვიან ღამით მოხდა. ხმამაღალი საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 26 წლის მამაკაცმა მწყემსს კისრის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველიც ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

დღის ამბები