20 ოქტომბერი 2021,   11:29
ვრცლად
"რეგიონს ნამდვილად სჭირდება ფორმატი, სადაც საქართველო საგანგებო როლს შეასრულებს - გიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტაბილურობის საკითხების განსახილველად ახალი სამშვიდობო ფორმატი შექმნას, უკვე აქტიურად განიხილავენ თბილისში.

რამდენად აქვს ამ ფორმატს ამოქმედების პერსპექტივა და რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი - ოპოზიციის ლიდერებს უშუალოდ იდეასთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მისი სისრულეში მოყვანა მოქმედი ხელისუფლეის პირობებში ნაკლებად რეალისტურია.

"ეროვნული, ევროპული და კვალიფიციური ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონში. ეს კი მოხდება მას შე,დეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რეგიონს ნამდვილად სჭირდება ფორმატი, სადაც საქართველო საგანგებო როლს შეასრულებს.

"რეგიონს ნამდვილად სჭირდება ფორმატი, სადაც საქართველო საგანგებო როლს შეასრულებს. ვინაიდან, თავად ეს რეგიონია საგანგებო მნიშვნელობის მთელი მსოფლიოსათვის. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თემა არის ის, რაც პარტნიორ ქვეყნებს აინტერესებს. აქ შემქნილი მდგომარეობა კი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთელს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული მისიაა და ასეთი რამ, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა.

"საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში. პრაქტიკულად, ეს არის მოწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, რომ კავკასიის ქვეყნებმა თავის თავზე აიღოს ისტორიული მისია, რომ ჩვენს რეგიონს ჩვენვე მოვუაროთ. ამისათვის საჭიროა, რომ საქართველოსთან ერთად ამ პროცესში დასავლეთის ჩართულობაც იყოს,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები