25 ოქტომბერი 2021,   02:40
ვრცლად
უტოპიურად ჟღერს კოალიციის შექმნა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან გახარიასთან - გიორგი ვოლსკი

მმართველი გუნდი კოალიციური მთავრობის შექმნას ამ ეტაპზე გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და გახარიას გუნდთან თანამშრომლობა "ქართული ოცნებისთვის" უტოპიაა.

"მართალი გითხრათ, პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა მომამვალში სწორედ ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ დღევანდელ ვითარებას თუ გავაანალიზებთ, რომელი პარტიები არიან პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, უტოპიურად ჟღერს კოალიციის შექმნა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან გახარიასთან, რომელიც "ნაცმოძრაობის" ნაწილად იქცა,"- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ახლა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ხოლო ერთპარტიული მმართველობა დასრულდება თუ არა, ეს საპარლამენტო არჩევნებზე გახდება ცნობილი.

"მონა აღარ არის პრეზიდენტი?! ამ პრეზიდენტს ეძახდნენ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ, ეს ერთი და მეორე - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, ამას გულისხმობს ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, პრეზიდენტიც ალბათ, ამას გულისხმობდა,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატი კი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის და ის ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

დღის ამბები