25 ოქტომბერი 2021,   02:47
ვრცლად
დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში - რას ნიშნავს "უსაფრთხო სკოლის" კონცეფცია და როგორია ჯანდაცვის უწყების გეგმა ვაქცინაციის გასააქტიურებლად

საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური რისკები განსაზღვრა და სასწავლო მეთოდი შეცვალა. ორშაბათიდან დისტანციური სწავლების პროცესი, საკლასო ოთახებსა, თუ აუდიტორიებში გადმოინაცვლებს, თუმცა მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე მოქმედებს ქვეყანაში. 

უსაფრთხო სწავლის კონცეფცია მოიცავს, რომ აცრილი იყოს, როგორც პედაგოგი, ისე ბავშვის მშობელი. საქართველოს მასშტაბით მასწავლებლების 65% ვაქცინირებულია. განსაკუთებით დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებლები რეგიონებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რაიონების 500-მდე სკოლის ეპიდსიტუაცია შეისწავლა, სადაც რთულია ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, სწავლის პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების რეკომენდაცია გაიცა. სკოლის დირექტორებს დაევალათ, რომ შეისწავლონ რამდენი პირია აცრილი მათ დაწესებულებაში.

"უსაფრთხო სკოლის" კონცეფციის გარდა, მთავარი საკითხი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაქცინაციის გააქტიურება იყო. ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლთან ერთად სქემა უკვე შეიმუშავა. მომდევნო კვირიდან ოჯახის ექიმები სოფლებში კარდაკარის პრინციპით მუშაობას დაიწყებენ, იმ მიზნით, რომ მეტი ადამიანის აცრა მოხდეს. პარალელურად, ამირან გამყრელიძემ ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს მომდევნო 90 დღის ვაქცინაციის გეგმის შემუშავება დაავალა.

ყველა თანხმდება, რომ 12 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია აუცილებელია. საკითხზე საკოორდინაციო​ საბჭომ უკვე იმსჯელა. მომდევნო დღეებში ამ ასაკში აცრების დაწყების რეკომენდაციას იმუნიზაციის საბჭო გასცემს. გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გასაჯაროვდება.

დღის ამბები