30 ნოემბერი 2021,   10:11
ვრცლად
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

მხარეებმა გააფორმეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებიც. იქამდე ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.

ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული და ეკონომიკურ-სავაჭრო პარტნიორია.

"აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის მთავარი ეკონომიკურ-სავაჭრო პარტნიორია. ძალიან ვაფასებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ვითარდება ეკონომიკის, ვაჭრობის მიმართულებით ჩვენი თამშრომლობა. აზერბაიჯანი ინვესტიციის მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია, გამოკვეთილი ლიდერია ჩვენს ქვეყანში.

დღესვე მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი თქვენს პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელთანაც ძალზე ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი მქონდა. ჩვენ ვილაპარაკეთ, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ვთქვით, რომ აუცილებელია, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება, ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება, მეტი ინვესტიციის, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ეკონომიკის და ვაჭრობის მიმართულებით, არამედ ჰუმანიტარული, კულტურის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პანდემიის პირობებში საქართველომ დიდი დახმარება მიიღო აზერბაიჯანისგან.

"პანდემიის პირობებში ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან, ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი ძმებისგან, მინდა, ამისთვის საჯაროდ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, ასევე განვაცხადო, რომ ჩვენ ბოლო წლებში ვაჩვენეთ საკმაოდ დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ მჯერა, პოტენციალი გაცილებით დიდია, აუცილებელია ამ პოტენციალის გამოყენება და ათვისება. დღევანდელი კომისია, დღევანდელი შეხვედრა იძლევა კარგ საშუალებას, განვიხილოთ ყველანაირი საკითხი, რომელიც არის მიმდინარე, ასევე დავსახოთ გეგმები მომავალზე. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონებო, მეგობრებო, დღევანდელი დღისთვის და მჯერა, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოში ვიზიტისა და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

ალი ასადოვის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორე ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების  მაღალი დონის მაჩვენებელია. 

"მოკლე დროის განმავლობაში თქვენ მეორედ იმყოფებით აზერბაიჯანში, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების  მაღალი დონის მაჩვენებელია.  სასიამოვნო შთაბეჭდილებით ვიხსენებ თქვენი ბოლო ვიზიტის დროს თქვენთან შეხვედრასა და საუბრებს. მაღალი დონის კავშირები, ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. დამოუკიდებლობის პერიოდში, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს. რთულ პერიოდში, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიდექით და თანადგომას ვუწევდით ერთმანეთს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში," - განაცხადა ალი ასადოვმა.

დღის ამბები