28 ნოემბერი 2021,   13:01
ვრცლად
აუცრელი მშობლების და ვაქცინაციის იგნორირების შედეგი - კორონავირუსის აფეთქება სკოლებში და დისტანციურ სწავლებაზე გადასული 687 კლასი

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში დღითიდღე მძიმდება. ინფიცირებულთა მაჩვენებლის მატების პარალელურად იზრდება მიმართვიანობა კლინიკებში. 1200-მდე მძიმე პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია, 260 ინფიცირებული კი, მართვით სუნთქვაზეა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალიზირებულთა 98% აუცრელია.

ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება პედიატრიულ განყოფილებებშიც. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში, 175 საწოლიდან 150 უკვე დაკავებულია. ექიმების თქმით, ბავშვთა ინფიცირების წყარო უმეტესად ოჯახური კონტაქტებია.

ვირუსის გავრცელების სტატისტიკის მატებას სპეციალისტები ვაქცინაციის პროცესის შემცირებას უკავშირებენ. თუ აქამდე დღიურად 20-30 ათასამდე ადამიანი იცრებოდა, ეს რიცხვი დღეს 4000-მდე ჩამოვიდა. 

"კოვიდ 19"-ის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს მასშტაბით 108 სკოლა, ჯამში 687 კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლების თითქმის 1%-ს და მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა. 

15 ოქტომბრის მონაცემებით, ერთი დოზით აცრილი ზრდასრული მოსახლეობის 35.5%-ა, ხოლო სრულად 31.2%. სპეციალისტების მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე 60% აიცრას, ყოველდღიურად მცირდება.

დღის ამბები