09 დეკემბერი 2021,   10:19
ვრცლად
რძის პროდუქტების ტრაილერის საბარგულში დაგეგმილი სცენარები - მიხეილ სააკაშვილის "მძაფრსიუჟეტიანი" ვიდეო და პოლიტიკოსთა შეფასებები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს კიდევ ერთი დაემატა, რომელიც, ამჯერად, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა. ვიდეოში ექსპრეზიდენტი საუბრობს, რომ გაიტაცეს. ვიდეომასალა, სავარაუდოდ, იმ ტრაილერის საბარგულშია ჩაწერილი, რომლითაც სააკაშვილი ნოვოროსიისკიდან ფოთის პორტში შემოვიდა.

როგორც "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს საკუთარი გატაცების ვერსია რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული და იმ შემთხვევისთვის, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

არასერიოზული - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ვიდეომასალას. ეს სიტყვა მან  ექსპრეზიდენტის მისამართით დღეს რამდენჯერმე გამოიყენა.

გავრცელებულ ვიდეომასალას თავად სააკაშვილიც გამოეხმაურა. 

ვიდეოჩანაწერის შინაარსზე საუბარი არ სურთ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის მოქმედი თავმჯდომარე აქცენტს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავებაზე აკეთებს. 

სააკაშვილის შესაძლო სათადარიგო გეგმაზე საუბარი არ სურთ არც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციაში მყოფი ოპოზიციის ნაწილს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, სააკაშვილი რამდენიმე ვერსიას ამუშავებდა.

გავრცელებული ვიდეოჩანაწერის მიზანიც და შინაარსიც მმართველი პარტიისთვის გასაგებია - ნაწილმა ექსპრეზიდენტის ქმედებებში შესაძლო დესტრუქციის საფრთხეც დაინახა. 

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით კი, ვიდეომასალა იმის დასტურია, რომ პრეზიდენტი მის თანმხლებ პირს არ ენდობოდა. 

მიხეილ სააკაშვილი 22 დღეა სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის. მას რამდენიმე დღის წინ ახალი ბრალიც წარუდგინეს და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან.

დღის ამბები