05 დეკემბერი 2021,   05:21
ვრცლად
პატიმრობის 24-ე დღე - საკითხი, სად გადაიყვანენ ყოფილ პრეზიდენტს, თუ მას საავადმყოფოში მკურნალობა დაჭირდა, ურთიერთბრალდებების საგანი გახდა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად გადაიყვანენ ყოფილ პრეზიდენტს, თუ მას საავადმყოფოში მკურნალობა დაჭირდა, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანი გახდა. სააკაშვილის ადვოკატები და თანაგუნდელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გლდანში გადაყვანას და ამბობენ, რომ ხელისუფლება იქ ბუნტის იმიტირებას გეგმავს. მმართველი გუნდი და პრემიერი ამგვარ მსჯელობას სწორედ სააკაშვილის მმართველობის გამოძახილად აღიქვამენ. 

შიმშილობის 24-ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ პირადი ექიმის განცხადებით, სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის კერძო კლინიკაში გადაყვანა. როგორც ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი გვიან ღამით აცხადებდა, ამის შესახებ გადაწყვეტილება კონსილიუმმა მიიღო.

ციხის საავადმყოფო შესაბამისი კლასის სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც საჭირო ტექნიკით და კვალიფიციური მედპერსონალით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ალტერნატიული საავადმყოფოს ვარიანტი არ განიხილება. ამ შინაარსის პოსტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აქვეყნებს და სააკაშვილის პირად ექიმს სიცრუეში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი დილიდან გაგრძელდა. ექსპრეზიდენტის ადვოკატების თქმით, პატიმრების კერძო კლინიკაში გადაყვანა მიღებული პრაქტიკაა. თუმცა ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ამაზე უარის თქმა, შესაძლოა ციხის საავადმყოფოში მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციას უკავშირდებოდეს.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ. ფაქტით გენინსპექცია დაინტერესდა, რომელიც ნიკა გვარამიას ამ საკითხზე დამატებითი დეტალების მიღების მიზნით ხვალ გაესაუბრება. მანამდე კი მთავარი არხის დირექტორის და ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებებს ბრალდებით პასუხობენ მთავრობის მეთაური და მმართველი გუნდის თავმჯდომარე. ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ადვოკატების განცხადებებს მეორე ტურთან დაკავშირებულ ისტერიას უწოდებენ, რომელიც მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გამძაფრდება.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შიმშილობს. პროტესტის უკიდურეს ფორმას ექსპრეზიდენტი 24-ე დღეა მიმართავს.

დღის ამბები