05 დეკემბერი 2021,   05:48
ვრცლად
დიპლომატიური სკანდალი თურქეთსა და დასავლეთს შორის - ვინ არის ოსმან კავალა, ვის გამოც 10 ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა

სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 5 წლის შემდეგ თურქეთი კვლავ მწვავედ რეაგირებს საკითხებზე, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულებს ეხებათ. ამჯერად, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

მიზეზი 4 წლის წინ დაკავებული ბიზნესმენის, ოსმან კავალას გათავისუფლების მოთხოვნა იყო. თურქეთის პრეზიდენტის ხმაურიანმა გადაწყვეტილებამ საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი უკვე გამოიწვია. 

ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთის დატოვება ისეთი ქვეყნების ელჩებს მოუწევთ, როგორიცაა გერმანია, აშშ, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, კანადა, ნორვეგია და ახალი ზელანდია. 

"როიტერი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერჯერობით, თურქეთში აკრედიტებულ საელჩოებს ინსტრუქციები არ მიუღიათ და ოფიციალური შეტყობინების მოლოდინში არიან. 

დასავლეთი შეფასებებში კატეგორიულია. ევროპა პოზიციებს რომ არ დათმობს ოსმან კავალასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა. 

ანკარისგან განმარტებებს ელოდება ვაშინგტონი - ინფორმაციას უცხოური მედია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ თურქეთის საგარეო უწყებისგან მეტ სიცხადეს მოელის.

ოსმან კავალა თურქი ბიზნესმენი და აქტივისტია. ის დაპატიმრებამდე ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს აფინანსებდა. კავალა 2017 წელს დააკავეს. ბრალად ე.წ. გეზის პარკის პროტესტის დაფინანსება ედებოდა. დაახლოებით, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, სტამბოლის სასამართლომ ოსმან კავალა გაათავისუფლა. მასთან ერთად, ციხიდან 2013 წელს გეზის პარკის დემონსტრაციებში მონაწილე 10-მდე ადამიანი გაუშვეს. თუმცა, კავალასთვის თავისუფლება მხოლოდ რამდენიმე საათიანი აღმოჩნდა. იმავე დღეს თურქეთის პროკურატურამ დაკავების ახალი ბრძანება გასცა. კავალა დააპატიმრეს, ამჯერად, 2016 წლის ზაფხულის გადატრიალების მცდელობის ბრალდებით.

დღის ამბები