28 ნოემბერი 2021,   12:08
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობის რისკებზე პოლიტიკოსები მსჯელობენ, პრემიერ-მინისტრი კი ირწმუნება, რომ მას ციხის საავადმყოფოში ყველა პირობას შეუქმნიან 

პრემიერ-მინისტრმა ექსპრეზიდენტის მომხრეები დღეს ქარელიდან დაამშვიდა. ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას გამორიცხავს. პრემიერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მისი მკურნალობა ციხის საავადმყოფოს სრულფასოვნად შეუძლია.

სააკაშვილის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას არასაკმარისად მიიჩნევენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში მოშიმშილე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებენ და ხელისუფლებას ომბუდსმენის მოწოდების გათვალისწინებას ურჩევენ.

ნაცმოძრაობას და სახალხო დამცველს, სპეკულირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სააკაშვილი სხვა პატიმრებისგან განსხვავებული პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს. კობახიძემ ოპონენტებს დღეს მათი მმართველობის დროს პენიტენციურ სისტემაში არსებული სიტუაციაც შეახსენა.

"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრში. ნაწილი მოთხოვნას სრულად იზიარებს. მეორე ნაწილი კი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე საუბარს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას და კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას სპეკულაციურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატები ოპონენტებს ახსენებენ, რომ დღეს, წარსულისგან განსხვავებით, ციხეებში პატიმრების უფლებები თანაბრად არის დაცული.

ექსპრეზიდენტი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე ოცდამეხუთე დღეა შიმშილობს.

დღის ამბები