22 იანვარი 2022,   07:18
ვრცლად
განზრახ მკვლელობა და უბედური შემთხვევის ინსცენირება - "კურიერმა"თბილისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის დეტალები ექსკლუზიურად გაარკვია

სალომე მარტიაშვილის მეზობლებმა "კურიერისგან" შეიტყვეს, რომ 27 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ის საკუთარმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე ბლაგვი საგნით მოკლა, ადგილზე დანაშაულის კვალი გააქრო და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. იქვე იატაკზე ნახეს მისი მეუღლე, რომელიც გაზით ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცოტა ხანში ბინაზე გაწერეს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახური ახლობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცოლ-ქმარი მთელი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოვიდა.

პირველ ეტაპზე გამოძიება ქალის გარდაცვალების ვერსიად გაზით ინტოქსიკაციას განიხილავდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზამ სისხლის კვალს მიაგნო, აღმოჩნდა, რომ ქალს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სალომე მარტიაშვილის ოჯახში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს მოკლულის მეუღლე, 25 წლის ანზორ ლურსმანაშვილი, გარდაცვლილი ქალის მამა კი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

ანზორ ლურსმანაშვილს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ანზორ ლურსმანაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დღის ამბები