06 თებერვალი 2023,   00:35
ვრცლად
8 წლის გოგონა გათხოვების მიზნით გაყიდეს - იმისთვის, რომ გადარჩნენ, ავღანეთში ჩვილ ბავშვებსაც ყიდიან

8 წლის გოგონა მამამ 2 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ქორწინების მიზნით გაყიდა. როგორც NBC News წერს, მამას არ აუხსნია შვილისთვის, რის გამო გაუშვა საცხოვრებლად სხვა ოჯახში - ბენაზირის მამა მიიჩნევს, რომ გოგონა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ეს გაიგოს. ქვეყანაში მიღებული წესია, თანხის, ან სხვა მზითვის სანაცვლოდ გოგონების სხვა ოჯახისთვის გადაცემა, თუმცა ასეთი მცირეწლოვნების შემთხვევები მცირეა. 

მას შემდეგ, რაც ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა მოიპოვა, ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ მეტად გაუარესდა, ოჯახები იძულებულები არიან, უმძიმესი გადაწყვეტილებები მიიღონ. 

შაიდაიში, ჰერათის პროვინციაში მდებარე დასახლებაში, ცხოვრება ბავშვებისთვისაც ძალიან რთულია. ბენაზირისა და მისი და-ძმების მსგავსად, სხვა ბავშვებიც ქუჩაში მათხოვრობენ, ან - ნაგავს აგროვებენ, რომ პატარა ქოხები გაათბონ, შეშის ფული იქ არავის აქვს. 

ბენაზირის მამა, 55 წლის მურად ხანი, რომელიც დღიურ მუშად მუშაობდა, უკვე თვეებია, უმუშევარია. მას 8 შვილი ჰყავს გამოსაკვები, გადაწყვეტილება, რომ ბენაზირი გაეყიდა, ცივი გონებით, ეკონომიკური გათვლით მიიღო. 

"ოჯახში 10 ადამიანი ვართ, ვცდილობ ათივე ცოცხალი გადავრჩეთ და ამისთვის ერთის მსხვერპლად გაწირვა მიწევს," - ამბობს მამა. 

ხანის თქმით, ბენაზირისთვის საქმროდ ირანელი ოჯახის შვილი შეარჩიეს. ის ბიჭზე მას შემდეგ დაქორწინდება, რაც სქესობრივად მომწიფდება. მზითვის თანხა ჯერ არ მიუღია და როგორც კი ოჯახს თანხას გადასცემენ, ბენაზირს წაიყვანს მამაკაცი, რომელმაც ის იყიდა. 

"ხელს მოკიდებს და წაიყვანს ჩემგან. წაიყვანს და იტყვის - ამიერიდან ის ჩვენიაო..." - ამბობს ხანი. 

ბევრი ოჯახისთვის, რომლებსაც, ხშირად, საჭმელად 1 ნაჭერი პურიც არ აქვთ, ახალგაზრდა გოგონების გაყიდვა, ოჯახის შექმნის მიზნით, გადარჩენის ერთადერთი გზაა. 

საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან ავღანეთში ბავშვების ქორწინებების რიცხვის ზრდით, UNICEF-ში ამბობენ, რომ მათ 20 დღის გოგონას გაყიდვის შესახებ აქვთ ინფორმაცია. 

კრიზისის გაღრმავებასთან ერთად, ხალხის მდგომარეობაც სულ უფრო მძიმდება, ავღანეთში 3.2 მლნ ბავშვი შიმშილობს.

დღის ამბები