21 იანვარი 2022,   22:11
ვრცლად
მოთამაშეთა შავი სია, შეზღუდული სარეკლამო არეალი და გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი - მილიონამდე ადამიანს ონლაინკაზინოებზე წვდომა შეეზღუდება

ონლაინ სათამაშო ბიზნესის ნაკლებად ხელმისაწვდომობისთვის კანონპროექტი უკვე მზად არის. ცვლილებების მიხედვით, სათამაშო ბიზნესი 65-70%-ით დაიბეგრება. ამოქმედდება მოთამაშეთა "შავი სიაც". ახალი შეზღუდვები ეხება რეკლამასაც, იკრძალება სატელევიზიო, გარე და ქართულ საიტებზე ბანერების და ვიდეო რგოლების განთავსება. გაიზრდება ასაკობრივი ზღვარიც.

25 წლამდე მოქალაქე ვერ შეძლებს აზარტული თამაშით სარგებლობას. სათამაშო ბიზნეს ოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება. ინიციატივა, რომელზეც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ისაუბრა და უკვე კანონპროექტია, მინისტრთა კაბინეტმა დღეს განიხილა.

კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა. უწყებაში განმარტავენ, რომ განხილვის პროცესი, უახლოეს მომავალში, საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს და დაინტერესებულ პირებთან მსჯელობა სწორედ ამ ფორმატში გაიმართება.

ვიდრე კანონპროექტს დეპუტატები დეტალურად გაეცნობიან, გადაწყვეტილებას აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას ემხრობა, ნაწილი კი სკეპტიკურად უყურებს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ამ სფეროში არსებული დღევანდელი ვითარება შემაშფოთებელია და შეზღუდვები აუცილებელი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც საკითხზე წლებია მუშაობენ, პროექტის მიზანს იზიარებენ, მხარს უჭერენ და განმარტავენ, თუ რა დადებითი შედეგები შეუძლია მოუტანოს შეზღუდვებმა ქვეყანას.

იქცევა თუ არა პროექტში გაწერილი პუნქტები კანონად, ამას უკვე კანონმდებლები გადაწყვეტენ. ახალ რეგულაციებზე მსჯელობა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღის ამბები