28 იანვარი 2022,   14:47
ვრცლად
"სააკაშვილმა "ფიფქია და 7 ჯუჯას" წიგნები უყიდა მზრუნველობა მოკლებულებს, სომხეთის პრეზიდენტის მეუღლეს თავშალი... - ლევან ხაბეიშვილი  

საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღესაც შეიკრიბნენ. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. შენობის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს. 

ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ბანერებით - "თავისუფლება მიშას" და საქართველოს დროშებით არიან წარმოდგენილნი. ადგილზე ელოდებიან ასევე მხარდამჭერებს რეგიონებიდან. 

ადგილზე იმყოფება ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი რომელიც 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს აბსურდულს უწოდებს.

"ხარჯები უკავშირდება რას: სათამაშოების ყიდვას მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის, "ფიფქია და 7 ჯუჯა" წიგნების ყიდვას, ჭიათურის სკოლისთვის პროექტორის ყიდვას, სომხეთის პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა მის მეუღლეს თავშალი უყიდა პრეზიდენტმა - თურმე აი ეს ხარჯებია შეტანილი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს საბრალდებო დასკვნა წაიკითხოს და მათ შორის ის ჩეკები ამოიღოს, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ," - განაცხადა ამბობს პარლამენტის ფრაქცია ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილმა.

საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკანა მხარეს სპეციალური ეკრანი არის დამონტაჟებული, რომლის მეშვეობითაც სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლირების შემთხვევაში, ადგილზე შეკრებილი ადამიანების სასამართლო პროცესს თვალს მიადევნებენ.

"დღეს ასე მშვიდობიანად, ახლა მონიტორი ეწყობა, სადაც საშუალება ექნება ყველა აქ მყოფ ადამიანს პირდაპირ ეთერში მოისმინოს მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მისი მიმართვა როგორც სასამართლოს, ასევე მოსახლეობის მიმართ. დღეს ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის სწორედ იმ კორუმპირებული ხელისუფლების მიერ ჩადენილ ფაქტებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ედავება," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეს განიხილავენ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ სწორედ ჯანაშია აღმოჩნდეს ის პირი ვისაც სააკაშვილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დაადებს ხელს, ისევე როგორც (29 ნოემბერს გამართულ პროცესზე) 7 ნოემბრის საქმეზე, აქციის დარბევაში ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების შს მინისტრი - ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები