28 იანვარი 2022,   15:17
ვრცლად
სასწაულებს აკეთებდა, ჭაობისგან ასეთი ცნობილი ქვეყანა შექმნა და საბოლოოდ მივიღეთ ეს... - გიული ალასანიას თქმით, პროცესზე სააკაშვილს საინტერესო გამოსვლა ექნება

9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია ამბობს, მას სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა საინტერესო იქნება და ექსპრეზიდენტი ყველაფერზე გაამახვილებს ყურადღებას.

"მოლოდინი, დიდი ილუზია, როცა საქმე გვაქვს ამ უსამართლო სასამართლოსთან, არა მაქვს მართალი გითხრათ, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ იქნება საინტერესო ჩემი შვილის გამოსვლა. ყველაფერზე გაამახვილებს ყურადღებას ალბათ, რაც ეხება ამ კომიკურ საქმეს.

ადამიანი, რომელსაც დღე და ღამე არ ეძინა და რაღაც სასწაულებს აკეთებდა, მანცვიფრებდა თუ როგორ შეიძლებოდა იმ არაფრისგან, ჭაობში მყოფი ქვეყნისგან ასეთი ცნობილი ქვეყნის შექმნა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და საბოლოოდ მივიღეთ აი ეს," - განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ ის ბრალდებები, რასაც გამოძიება ექსპრეზიდენტს ედავება, პოლიტიკურად მოტივირებულია.

"რასაც ედავებიან, ჩემი გადმოსახედიდან არის აბსოლუტურად პოლიტიკური, ვინაიდან ძალიან ახლოს ვიცნობ მიშას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში თავის ფუფუნებაზე კი არ ფიქრობს, როგორც იძახიან, ყველაფერი უნდა ქართველი ხალხისთვის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს თითიდან გამოწოვილს უწოდებენ. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორებით არის დაკავებული. ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ფულის გაფლანგვასთან დაკავშირებით, ცრუს უწოდებს.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. შენობის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს. საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღესაც შეიკრიბნენ. ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები პატიმარი ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი წარწერებით და საქართველოს დროშებით არიან წარმოდგენილნი.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები