28 იანვარი 2022,   15:19
ვრცლად
ყველა მეთოდით უნდა ვაიძულოთ " ოცნება", რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება - ზაალ უდუმაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 2024 წლიდან ბარიერის დაწევას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს კვლავ დავის საგანია ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის.

ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას დადებითად აფასებს ოპოზიციური სპექტრი, თუმცა მიიჩნევენ, რომ პირველი მოსმენისას დამტკიცებულ კანონპროექტში ძირეული ცვლილებები აღარ უნდა განხორციელდეს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა "აიძულოს" ხელისუფლება, ეს ვალდებულება შეასრულოს და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. 

"ვერავინ ვერ გადის ცალმხრივად ასეთი დოკუმენტებიდან, ეს გაითვალისწინოს ყველამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თავისი ნებით რომ არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნება გასაგებია, მაგრამ უნდა ვაიძულოთ ყველანაირი მეთოდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არ გაიწელოს ეს დროში. იმიტომ რომ ეს ვალდებულება აღებული აქვს ქართულ ოცნებას და ჩვენ ახლა უნდა ვაიძულოთ, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს," - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

განცხადება გააკეთა "ლელოს" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა. 

"ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის იქნება ძალიან სერიოზული საკითხი, ის თუ ხელისუფლება გადახედავს და რევიზიას გაუკეთებს საკუთარ პოზიციას ამასთან დაკავშირებით," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობიან არჩევნებს და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შესაძლებლობას გააჩენს.

"იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ უფლება პოლიტიკაში ყოფნის და ოპოზიციაში ყოფნის, აუცილებელია, მოიქცნენ ისე, როგორც ისურვებდნენ რომ მოექცნენ მას," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ჰერმან საბო ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ ყველა პარტიამ უკან უნდა დახიოს საკუთარი პირადი ინტერესები.  

"ეს იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ სამომავლოდ შეიძლება ამან საფუძველი ჩაუყაროს ნორმალური ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. რაღაც პატარა დათქმების გამო ერთმანეთზე გამოკიდება არ მგონია სწორი," - ამბობს ჰერმან საბო. 

დღის ამბები