21 იანვარი 2022,   15:30
ვრცლად
მოსამართლემ პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლემ პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, მიზეზი პროკურორის ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გამოსვლა გახდა, რაც დაცვის მხარის ვერსიით, შეფასდა მიკერძოებად და მოითხოვს დაცვის მხარე მის საქმესთან ჩამოშორებას.

"დაყენებულ იქნა საკითხი ერთ-ერთი პროკურორის საქმიდან ჩამოცილების თაობაზე, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მისი გამოსვლის გამო, რაც დაცვის მხარის ვერსიით, შეფასდა მიკერძოებად და პოლიტიკური მიკერძოებულობის საყვედურით მოითხოვს დაცვის მხარე ერთ-ერთი პროკურორის საქმესთან ჩამოშორებას.

ჯერ უნდა იცოდეს საზოგადოებამ რა არის მიკერძოება, რა არის პოლიტიკური მიკერძოება და კონკრეტულად ეს სიტყვები ჯდება თუ არა ამ ფარგლებში. მიკერძოება ეს არის გადახრა პირის სასარგებლოდ ან საზიანოდ, რაც სამართალში ორივე შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, ეს გახლავთ ისეთი შემთხვევა, როდესაც პროკურორი სისხლის სამართლებრივ დევნასა და ბრალდებას აფუძნებს არამხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, არამედ უპირატესად პოლიტიკურ მოტივაციაზე, ნიშანზე, სარჩულსა და საფუძველზე. შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ერთის მხრივ წარიმართოს საერთოდ პოლიტიკური ნიშნით, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური დევნაა, ამავდორულად, შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი დევნისა და ბრალდებისა, თუმცა, პროცესში პროკურორმა გამოიჩინოს იმგვარი მიკერძოება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არათანაბარზომიერ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნის ადრესატებს. როგორც მე გავიგე, არ მაქვს ნანახი ეს სატელევიზიო სიუჟეტი, თუმცა, დაცვის მხარემ მოგვასმენინა რამდენიმეწუთიანი ჩანაწერი, სადაც საუბრობს პროკურორი საქმესთან დაკავშირებით და ახსენებს ორ თარიღს - 26 მაისი და 13 ივნისი.

დაცვის მხარეს კი პრეტენზია აქვს, რომ ამ საქმის ფარგლებში ამ ორი თარიღის მოხსენიებას რა დანიშნულება ჰქონდაო. ამ თარიღებიდან ერთი, პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული თარიღია, მეორე წმინდად ადამიანურად ტრაგიკული თარიღი. როდესაც პროკურორი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ბრალდების კომპონენტი მოიცავს მათ შორის გაკიცხვის ელემენტსაც, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მორალურ კატეგორიას. სიუჟეტში რა თარიღებიც იყო ნახსენები და დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ თარიღების შემდეგ შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ეს მომსახურება საზღვარგარეთ მიეღო.

ეს გარკვეულწილად შესაძლებელია სცილდებოდეს სამართლებრივ ფარგლებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღარ ეხება, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თარიღების შემდეგ პრეზიდენტს უნდა მიეცა თუ არა თავისთვის ამის უფლება, რომ ასეთი მომსახურება მიეღო. ეს მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადასული საკითხია და პოლიტიკური მიკერძოება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში დაცულია," - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა. 

დღის ამბები