19 იანვარი 2022,   11:19
ვრცლად
ხმაურიანი სხდომები საკრებულოებში - რამდენიმე მუნიციპალიტეტში თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი მას შემდეგ დააკავეს, რაც ადგილობრივ კანონმდებლებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არჩევნების შედეგებს იმ სხდომაზე აპროტესტებდა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა დაემტკიცებინათ.

ხმაურის ფონზე წარიმართა ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ზუგდიდშიც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჯერ სხვა დეპუტატებთან იკამათეს, შემდეგ კი დარბაზი პარტია "საქართველოსთვის" წევრების მსგავსად დატოვეს. შედეგად კი ქვორუმი ვერ შედგა და ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები ვერ აირჩიეს.

ხმაური იყო ქობულეთშიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან ტაში და შეძახილები მოჰყვა. ოპოზიციის გასვლის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა მაინც მოახერხა.

დმანისში ქვორუმის ჩასაშლელად განსხვავებულ ხერხს მიმართა კახა ოქრიაშვილმა. "კურიერმა" გაარკვია, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დმანისიდან თბილისში საგანგებოდ ნაქირავებ სახლში ჩამოიყვანა. 

"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი გუნდის წევრებს არ ენდო - ასე აფასებს დმანისის საკრებულოს წევრების თბილისში ჩამოყვანას მმართველი გუნდი. 

რამდენიმე ქალაქის ახალი მოწვევის საკრებულოებში სხდომები დღეს ხმაურის ფონზე ჩატარდა. თუმცა, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში თვითმმართველი ორგანოების თავმჯდომარეების დამტკიცება მაინც მოხერხდა.

 

დღის ამბები