19 იანვარი 2022,   11:48
ვრცლად
პაციენტი გორის ჰოსპიტალში მოთავსების დღიდან იმყოფება თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით, მისი გაწერა ამ ეტაპზე არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სათანადო მკურნალობა უტარდება. მისი თქმით, ქართულ მხარეს არანაირი კონსულტაცია არ გაუვლია სხვა რომელიმე ქვეყნის სამედიცინო სფეროსთან იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა და მისთვის მკურნალობის იქ გაგრძელება. 

კითხვაზე, როდის გაწერენ მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალიდან - მინისტრი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტის მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს. თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერა არ იგეგმება, რადგან ეს მაშინ მოხდება, როდესაც ის სრულად გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.  

"ჩვენ ვეყრდნობით ექიმების დასკვნებს, ვაკეთებთ ამ დასკვნების ანალიზს, რა თქმა უნდა, გავდივართ ძალიან ბევრ კონსულტაციას ყველა ჭრილში და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ექიმებმა ვერ შეძლონ და ვერ მართონ იმ პაციენტის საჭიროებები, რომელიც შიმშილობს, არ ჰქონდეთ საკმარისი კომპეტენციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გაგვივლია იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო პაციენტის გადაყვანა უცხოეთში და იქ მისი მკურნალობის გაგრძელება.

ვინაიდან, პაციენტი გორის ჰოსპიტალში მოთავსების დღიდან იმყოფება თერაპიულ საწოლზე და ექიმებმა ალბათ იციან თუ რას ნიშნავს თერაპიული კოდით თერაპიულ საწოლზე პაციენტის მკურნალობა და აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ეტაპზე ისე ვმართეთ პაციენტის ჯანმრთელობა, რომ მის სიცოცხლეს არანაირი რისკი არ შექმნია და მომავალშიც ჩვენი ექიმები გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას და ამის რისკი არ დადგება.

როდის გაწერენ, ეს ჩემი მხრიდან იქნება რთული სათქმელი, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი. ამ ეტაპისთვის გაწერა არ იგეგმება, ვინაიდან გარდა კვების აღდგენისა, პაციენტს ასევე სხვა საჭიროებები აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაითვალოს სრულად ჯანმრთელად და ამის შემდეგ მოხდეს მისი გაწერა,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

დღის ამბები