28 იანვარი 2022,   15:25
ვრცლად
თუ ოპოზიციას სურს რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, მინიმუმ უნდა მობრძანდნენ მთავარ პოლიტიკურ ორგანოში - გურამ მაჭარაშვილი 

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. მათივე თქმით, ბარიერის სადავო ზღვარი და შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება, რომლის ვალდებულებაც "ქართულ ოცნებას" არ აქვს, მხოლოდ კონსულტაციებითაა შესაძლებელი. 

"ჩვენ ვღებულობთ ოპოზიციის მოთხოვნას უპირობოდ ამ კონსტიტუციური ცვლილების თაობაზე, მაშინ როდესაც სანაცვლოდ ან მასთან ერთად არაფრის შესრულების სურვილი რეალურად ოპოზიციას არ აქვს. ასეთ პირობებში უბრალოდ აზრს მოკლებულია ასეთ ცვლილებებზე საუბარი და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამას კარგად უნდა ჩაუფიქრდეს ჩვენი ოპოზიცია და შესაბამისად, საკუთარ ქმედებებზეც ამან გავლენა უნდა იქონიოს,“ - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუკი ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდა, საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაინაცვლონ.  

"თუ მათ სურთ რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, მინიმუმ უნდა მობრძანდნენ მთავარ პოლიტიკურ ორგანოში და დაიწყონ პოლიტიკური ცხოვრება,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები