21 იანვარი 2022,   22:32
ვრცლად
მოსამართლემ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია - პაატა სალია

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, "რუსთავი 2-ის" საქმეზე მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რადგან მოსამართლე გოჩა დიდავამ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია.

"სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის მოლოდინი, სიმართლე გითხრათ, გვქონდა. ჩვენი მთელი პოზიცია აგებული იყო იმაზე, რომ სარჩელი, პირველ რიგში, არის ხანდაზმული და შესაბამისად, არ დასტურდებოდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. თუ ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ნამდვილად არ იყო ქიბარ ხალვაში და ქიბარ ხალვაშს არ შეიძლება სცოდნოდა იმ მომენტისათვის და ეს მის ჩვენებაშიც არის ასახული, რომ მისთვის რაიმე​ ზეწოლაზე, იძულებაზე ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა და შესაბამისად, მან შეიძინა ეს წილები აქიმიძისა და დვალისაგან, უფრო სწორად, პაატა კარსანიძისაგან, რომელიც, ასევე, განმარტებულია, თუ რა როლს ასრულებდა ამ გარიგებაში.

სასამართლომ, ბატონი კოჟორიძის მოთხოვნით, მცირე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, ბატონმა დიდავამ განმარტა, რომ მიიჩნია ქიბარ ხალვაში კეთილსინდისერ შემძენად. ეს იყო ძირითად განმარტება," - აღნიშნა პაატა სალიამ.

პაატა სალიას მოლოდინი აქვს, რომ მოსარჩელე მხარე გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწვეტილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

"რუსთავი2-ის" 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო. მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთავი-2-ს". ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ს" ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.

დღის ამბები