21 იანვარი 2022,   21:49
ვრცლად
უნიკალური აღმოჩენა კახეთში - ლაგოდეხში აგურით ნაშენებ საქარავნე ხიდს მიაგნეს, რომელიც XV -XVI საუკუნით თარიღდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში,მდინარე არეშთან აგურით ნაშენებ საქარავნე ხიდს მიაკვლიეს,რომელიც, სავარაუდოდ, XV -XVI საუკუნით თარიღდება.

შვიდმეტრიანი სიგრძის და ორმეტრიანი სიგანის თაღოვანი ხიდი მდინარე არეშზე გადასასვლელად გამოიყენებოდა. როგორც ლაგოდეხის მხარეთმცოდენობის მუზეუმის არქეოლოგი დავით ყვავაძე განმარტავს, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა და სპეციალისტებისგან შესწავლას საჭიროებს. მისივე თქმით, ეკალ-ბარდით დაფარული ხიდი ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა.

"პირველ რიგში, რაც სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, უნდა მოხდეს ხიდის გასუფთავება ეკალ-ბარდისგან და იქ უნდა განთავსდეს ბანერი, რომ მას იცავს სახელმწიფო. ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აგური არავინ მოიპაროს. მერიაში მითხრეს, რომ სამუშაოებს შეასრულებენ. შემდგომი კვლევები კი ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან იქნება ჩასატარებელი. ეს არის ნამდვილად აღმოჩენა.აქ იყო საქარავნო გზა, რომელიც ირანიდან მოდიოდა და სრულდებოდა გრემში. გზა უწინდელი ჰერეთის, ახლანდელი ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში ორ ადგილზე შემორჩენილია ქარვასლა თავისი კოშკურებით, სადაც ქარავანი ჩერდებოდა და იქ მყოფები ისვენებდნენ. ახალი აღმოჩენა შეიძლება შევიდეს ტურისტულ მარშრუტში“, - ამბობს დავით ყვავაძე.

დღის ამბები