19 იანვარი 2022,   12:41
ვრცლად
დაესწრება თუ არა საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროცესს ბრალდებული ექსპრეზიდენტი - სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის ხვალ გაიმართება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ექსპრეზიდენტი, დღის ბოლოს გიული ალასანიამ მოინახულა. ის შვილთან შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

პროტესტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პოზიცია შეცვალა და შეწყვეტილი მკურნალობა კვლავ განაგრძო. ამის შესახებ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს. გუშინ, მიხეილ სააკაშვილი გზავნილში წერდა, რომ უარს იტყოდა სამედიცინო სერვისების მიღებაზე, რადგან მასთან ვიზიტორების შესვლის აკრძალვა და ტელევიზორის ჩამორთმევა იგეგმებოდა. ადვოკატებისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ გუშინ მსჯავრდებულთან პალატაში გლდანის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებიც შევიდნენ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ცრუ ბრალდება  უწოდა. უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის მიმართ არ იყო გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება. განმარტავდნენ იმასაც, რომ უფლებამოსილი პირების ვიზიტი, განპირობებული იყო მსჯავრდებულისთვის ოქმის გაცნობის მიზნით, თუმცა მათივე მტკიცებით, სააკაშვილმა სწორედ ამ დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაწესებულების თანამშრომლებს.

გორში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღესაც ჩავიდნენ მისი თანაგუნდელები და თანამებრძოლები.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი კი, დღესაც საპარლამენტო განხილვის თემა იყო. პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დღის წესრიგს ვეღარ შექმნის. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობა დაცულია.

ქვეყნის ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მორიგი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესია ჩანიშნული, ამჯერად საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. უცნობია, მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება.

დღის ამბები