19 იანვარი 2022,   12:26
ვრცლად
ბაიდენი-პუტინის 2 საათიანი დიალოგი რთული თემებით და მარტივი გზავნილებით - რაზე შეთანხმდნენ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები

ბაიდენი-პუტინის 2 საათიანი დიალოგი რთული თემებით და მარტივი გზავნილებით შემოიფარგლა: ამერიკამ თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვს აქამდე არნახული ზომებით უპასუხებს, რუსეთმა კი მისგან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხი გარანტიები მოითხოვა, თან იურიდიული - სიტყვიერი კრემლს არ სურს, თუმცა არც არავინ ჰპირდება რამეს. აშშ-სგან სოჭის რეზიდენციაში მყოფმა პუტინმა ვერც ამჯერად მოისმინა სასურველი პირობა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონში იმაზე დაიწყო მსჯელობა, თუ რამდენად პრინციპული იყო ამერიკის პრეზიდენტი პუტინის პირისპირ. საკითხში სიცხადე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა შეიტანა. რომელმაც მიანიშნა, რომ შესაძლოა რუსეთისთვის სანქციები სიახლე არ იყოს, თუმცა დასავლეთს წონიანი ალტერნატივები აქვს. სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში კი ვაშინგტონი უკრაინას კიდევ უფრო მეტ თავდაცვით საშუალებებს გაუგზავნის, აღმოსავლეთ ფლანგის ნატოს მოკავშირეებს კი გააძლიერებს.

ამერიკის ადმინისტრაციის ამგვარ მიდგომას ელოდებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელიც ვაშინგტონში სწორედ ნატოში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების შანსებსა და მისი უსაფრთხოებისთვის ამერიკული მხარდაჭერის გაძლიერებაზე სასაუბროდ იმყოფება. ქართულმა მხარემ კონგრესმენებთან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თუ რუსულ აგრესიას უკრაინაში დასავლეთის სუსტი პასუხი მოჰყვება, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება.

პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან გზავნილად ჩაითვალა ისიც, რომ პუტინთან მსჯელობის შემდეგ - მან საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებს დაურეკა და საქმეში ჩაახედა. უკვე ცნობილია, რომ ევროპასთან აქტიური თანამშრომლობით იქმნება რუსეთის სანქციების ფართო ვარიანტები.თუმცა სანქციები რომ არ კმარა და მეტია საჭირო, ეს ამერიკელმა კანონმდებლებმა ქართულ დელეგაციასთანაც შეხვედრების დროსაც თქვეს.

ამერიკელი კანონმდებლები აღმასრულებლისგან მეტ ნაბიჯებს ელიან - იგივეს მოითხოვენ მათი ქართველი კოლეგები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები კაპიტოლიუმში შეხვედრებს კვირის ბოლოსთვის დაასრულებენ.

 

დღის ამბები