19 იანვარი 2022,   12:15
ვრცლად
აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ 8 პირს დღეს დაკრძალავენ

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. დღესვე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ხუთი სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 598 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 219.

დღის ამბები