17 იანვარი 2022,   20:01
ვრცლად
ენმ მზადაა წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭიროს მხარი​

"ნაციონალური მოძრაობა" მზადაა წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭიროს მხარი.

როგორც ენმ-ში ამბობენ, მთავარი არგუმენტები ამ შეთავაზების მდგომარეობს იმაში, რომ საკრებულოებში ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის რომლებიც არიან წარმოდგენილი საკრებულოში, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. 

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოპოზიციურმა საკრებულოებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა. ნაციონალური მოძრაობა სოლიდურად იქნება წარმოდგენილი ყველა საკრებულოში, მათ შორის საკვანძო თანამდებობაზე, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის რომლებიც არიან წარმოდგენილი საკრებულოში, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები.

გუშინ გაკეთდა შეთავაზება, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მზადყოფნა და ბუნებრივია, უკვე დაიწყება შესაბამისი კონსულტაციებიც," - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ პარტია მზად არის განიხილოს გახარიას გუნდის წინადადება.

"თუ ხვალ კიდევ ერთხელ ჩავარდა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს ნიშნავს უკვე გარდაუვალ პოლიტიკურ კრიზისს და მუნიციპალიტეტის სრულ პარალიზებას. კიდევ შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის არც ერთი თანამდებობა საკრებულოში, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ გახარიას პარტიის ეს წინადადება ერთადერთ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ მყარი პოზიცია, როგორია მათი ხედვა შემდეგ საკრებულკოს საქმიანობაზე,"- ამბობს ანა წითლიძე.   

დღის ამბები