25 სექტემბერი 2022,   09:14
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ  მან "ქართული ოცნების" ოფისში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

მისი თქმით, ის საქმიანობას "ქართულ ოცნებაში" გააგრძელებს და პოლიტსაბჭოს წევრი იქნება. 

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩემთან ერთად იბრძოდა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებდით.

მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის დროს დაუღალავად ებრძოდა უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაგვედგა

მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 

სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ და განვლილი კონსულტაციების შედეგად, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა, პარტია "ქართულ ოცნებაში" გავაგრძელო - პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავაძლიერო სოციალური ჯანდაცვის სისტემები,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები