30 სექტემბერი 2022,   03:04
ვრცლად
რა როლი ჰქონდა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის პროცესში - პროკურორი საზღვრის უკანონო კვეთის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

რა როლი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის პროცესში და როგორ იყო ფუნქციები გადანაწილებული სხვა ბრალდებულებზე -  დეტალებზე ბრალდებულები ალაპარაკდნენ, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. "კურიერმა" აღნიშნული ჩვენებები ექსკლუზიურად მოიპოვა, რომელსაც მაყურებელი 21:00 საათიან გამოშვებაში ნახავს.

გარდა ამისა, "კურიერმა" საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძესთან, რომელმაც არაერთ ახალ დეტალზე ისაუბრა, მათ შორის აღნიშნა, რომ უკვე არსებულ ბრალდებულთა 6 პირიან წრეს შესაძლებელია სხვა ბრალდებულებიც დაემატონ. სავარაუდოდ, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, ვინ არიან კიდევ ბრალდებულები მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში.

ამ საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს,  ბრალი დაუსწრებლად 2 დღის წინ წარედგინა. საქმის პროკურორის თქმით, გია ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენის მთავარი საფუძველი უკვე დაკავებული ქართველი მძღოლის, ელგუჯა ცომაიას მამხილებელი და აღიარებითი ჩვენება გახდა. 

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა ბრალდებული ელგუჯა ცომაიას ჩვენების დეტალებიც.

"აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას, რომ ამ ეტაპზე ფორმდება საპროცესო შეთანხმება რომელიმე პირთან. რაც შეეხება ზოგადად თანამშრომლობის საკითხს, ბუნებრივია, როდესაც ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის გამოძიებას, ეს არის თავის მხრივ შემამსუბუქებელი გარემოება. ანალოგიურად, ისევე როგორც ელგუჯა ცომაიასთვის, თავად მსჯავრდებული სააკაშვილის აღიარებაც თუ უდავოდ გახდის მტკიცებულებას, იქნება მისთვის შემამსუბუქებელი გარემოება," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ "კურიერთან".

 

დღის ამბები