30 სექტემბერი 2022,   04:43
ვრცლად
სააკაშვილის ბიძა მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტმა თავისივე გუნდისგან საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო - თემურ ალასანია კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია

მიხეილ სააკაშვილის ბიძა "ნაციონალურ მოძრაობას" ბრძოლის ტაქტიკას უწუნებს. თემურ ალასანია მასობრივ დაუმორჩილებლობასა და აქტიური საზოგადოებრივი პროტესტის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდება. კითხვაზე - იზიარებენ თუ არა თემურ ალასანიას უკმაყოფილებას ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით, პარტიაში ცალსახად არ პასუხობენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თემურ ალასანიას ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავება და ქაოსის შექმნა სურს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება ნებისმიერ პროვოკაციას ადეკვატურად უპასუხებს.

სანამ თემურ ალასანია სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, ოპოზიციას სამოქმედო გეგმას შესთავაზებს, მანამდე მას გამოძიების კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. საუბარია 2018 წელს მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებზე, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა საზოგადოების რადიკალიზაციის საჭიროებაზე საუბრობენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიხეილ სააკაშვილის ბიძა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. პირველად თემურ ალასანიას სახელი საჯაროდ 2007 წელს გაისმა, როცა თანამდებობიდან წასულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ღიად განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მაშინდელი პრეზიდენტის ბიძა ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე დააკავა და სააკაშვილის ჩარევით, მალევე გაათავისუფლა. თავად ბიზნესმენს კი, ნარკოტიკი ჩაუდეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

გიორგი კაპანაძეა ის ბიზნესმენი, რომელზეც ოქრუაშვილი თავის სკანდალურ ინტერვიუში საუბრობდა. ბიზნესმენმა თავად დაადასტურა, რომ თემურ ალასანია მას ბიზნესის ლობირების სანაცვლოდ, დიდ თანხას სთხოვდა.

2012 წლის შემდეგ, ხელახალი გამოძიების დროს დადასტურდა, რომ გიორგი კაპანაძეს ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელისუფლების შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა. ბიზნესმენს მისი და მისი პარტნიორების თავისუფლების სანაცვლოდ ასეულ ათასობით ლარი და ბიზნეს აქტივები დაათმობინეს.

დღის ამბები