06 ოქტომბერი 2022,   11:30
ვრცლად
სხვადასხვა ვერსია და ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - ვინ როგორ აფასებს ექსპრეზიდენტის მდგომარეობას

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში რჩება და პოსტ შიმშილობის რეაბილიტაციას განაგრძობს. იქ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის კურსი 19 ნოემბრიდან უტარდება. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღემდე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება.

ბოლო დასკვნა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სააკაშვილის მიმართ მედიკამენტები არამიზნობრივად გამოიყენეს. დაუსვეს დიაგნოზიც, რომ არასათანადო მოპყრობის შედეგად პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს, შიმშილობის ნიადაგზე კი განუვითარდა ვერნიკეს ენცეფალოპათია. "ემპათიის" ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა საგანგაშოა, ესაჭიროება ნეირორეაბილიტაცია, რაც, მათი თქმით, საქართველოში შესაბამისად ვერ ჩაუტარდება.

მედიკამენტების არამიზნობრივ გამოყენებას გამორიცხავს ფსიქიატრი, რომელმაც რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ანტიფსიქოზური პრეპარატი დაუნიშნა. იური კალანდაძისთვის მიუღებელია ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის დასკვნაც და ბოლოდროინდელი განცხადებებიც. უფრო მეტიც, ექიმს ეჭვი აქვს, რომ პაციენტს ფსიქიკური მდგომარეობა "ემპათიის" სპეციალისტების ჩარევის შემდეგ გაურთულდა. 

დოკუმენტში, რომელიც წინა კვირას გაასაჯაროვა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, არაფერია ნათქვამი ფარმაკოლოგიურ წამებაზე.

ომბუდსმენთან არსებული ექიმების ჯგუფი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მკურნალობის პროცესში ფსიქოთერაპევტის ჩართვის რეკომენდაციას გასცემენ, თუმცა პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე არაფერს წერენ. კონსილიუმის წევრები მსჯავრდებულის რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში დაბრუნების რეკომენდაციას ამ ეტაპზე არ გასცემენ.  

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელი ტემპებით, მაგრამ უმჯობესდება - ეს უკვე სახელმწიფო კონსილიუმის ექიმების შეფასება. ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობდა, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ნევროლოგიური პრობლემები აქვს და მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე დასკვნებს ახლა ფსიქიატრებისგან ელოდებიან. 

დღის ამბები