06 ოქტომბერი 2022,   10:21
ვრცლად
ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მერიაში არ ადასტურებენ

თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ მოქალაქე ფოტომასალას აქვეყნებს და წერს, რომ შენობის საძირკველს ანგრევენ. ის აღნიშნავს, რომ კორპუსიდან, რომელსაც გამაგრება ესაჭიროებოდა, მერიამ მოსახლეობა სრულად გაასახლა. 

"შეიძლება არათემატური იყოს, მაგრამ იმედია ვინმე წაიკითხავს ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებელი. ამ კორპუსიდან ყველა გაასახლეს და შეპირდნენ, რომ გაამაგრებდნენ საძირკველს, მაგრამ ხდება საოცრება. ანგრევენ უმოწყალოდ სახლის საძირკველს. მოპირდაპირე სახლიდან შიშით შევყურებთ და ვერაფერი გაგვიწყვია" - წერს მანანა ჩხიკვაძე. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "რუსთავი 2" დედაქალაქის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამბობენ, რომ ადგილზე მხოლოდ კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

"სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მოხედვით, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები. აღნიშნული ინფორმაცია არ არის ადგილობრივის მიერ გავრცელებული. ყველა ჩართულია გამაგრებითი სამუშაოს პროცესში, მოსახლეობა მერიასთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას. არანაირი სამშენებლო სამუშაო იქ არ მიმდინარეობს, ერთადერთი, რაც მიმდინარეობს, ეს არის გამაგრების პროექტი. ასევე, აღნიშნულ ადგილზე მოეწყობა პარკი და რეკრეაციული სივრცე,-" აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. 

ცნობისთვის, ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მცხოვრებლები დედაქალაქის მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ისინი მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. 

დღის ამბები