06 ოქტომბერი 2022,   11:02
ვრცლად
ომიკრონი დაუდასტურდა ყველას, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა - ახალი შტამით საქართველოში, შესაძლოა, დღეში 15 ათასი ადამიანი დაავადდეს

ბოლო 2 დღეში, საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირების კიდევ 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უმეტესი მათგანის მოგზაურობის ისტორია არაბთა გაერთიანებულ საემიროებს და პირველ 2 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევების მასიური ზრდა უახლოეს დღეებში გარდაუვალი იქნება. თამარ გაბუნიას თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არავაქცინირებულები და ის მოქალაქეები არიან, ვისაც COVID-19 გადატანილი არ აქვს.

ახალი შტამით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ბუსტერ დოზების გააქტიურებაზე საუბრობენ. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ სამჯერადად აცრილი პირი ჩაითვალოს. ამ საკითხს იმუნიზაციის საბჭო ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს. 

"ომიკრონის" სწრაფი გავრცელების პარალელურად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდას და კლინიკების შესაძლო გადატვირთვას არ გამორიცხავენ ექიმები. ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ახალი წლის შემდეგ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა 12-დან 15 ათასამდე გაიზარდოს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

მოსალოდნელი საფრთხისა და გაზრდილი რისკების გამო, სპეციალისტები მოქალაქეებს სადღესასწაულო დღეებში რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. მობილობის შესამცირებლად, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. საჯარო სამსახურებში პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა. სკოლებში არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე გაგრძელდება. 

საქართველოში "ომიკრონის" შტამის 24 დადასტურებული შემთხვევაა. ლუგარის ლაბორატორიაში 50-ზე მეტ საეჭვო ვარიანტს კი ამ დრომდე იკვლევენ.

დღის ამბები