02 ოქტომბერი 2022,   04:14
ვრცლად
ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა - დეპუტატები ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტს გაეცნენ

ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს პარლამენტის თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მომხსენებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მედიას ის საკითხები გააცნო, რომელზეც ვრცლად  დეპუტატებთან დახურულ კარს მიღმა ისაუბრა:

"დოკუმენტი ზოგადად ეხება ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ სახელმწიფოს ბრძოლას და სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას ამ საკითხებთან გამკლავების მიმართულებით. ეს ეხება პრევენციასაც, დევნა-დაკავებასაც ტერორისტულ აქტივობაში მონაწილე პირების. ეს ეხება სახელმწიფოს დაცვითი ღონისძიებების გაძლიერებას და სხვა მიმართულებებს," - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მიიჩნევს, რომ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კონტრტერორისტული სტრატეგია სრულად პასუხობს გლობალურ თუ რეგიონში არსებულ გამოწვევებს:

"ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია პასუხობს ტერორიზმის სფეროში არსებულ ყველა გამოწვევას, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე რეგიონში და ყველა იმ რისკს და საფრთხეს, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყანა. მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, ეროვნულ სტრატეგიას ექნება თავისი სამოქმედო გეგმა, სადაც ჩაშლილი იქნება უკვე კონკრეტული აქტივობები ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით,"- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სტრატეგიას პოზიტიურად აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც და ამავე დროს ხაზს უსვამს, საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობას, როგორც უსაფრთხოების უწყებაზე, ასევე ამ სტრატეგიის ეფექტიანად დანერგვაზეც:

"მიმაჩნია, რომ ზოგადად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ინტენსიური იყოს საპარლამენტო განხილვები, მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობა ისეთ მნიშვნელოვან უწყებაზე, როგორიცაა სუსი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის კონცეფცია, რომელიც საკმაოდ მწყობრად გამოიყურებოდა, რაც წარმოგვიდგინა სამსახურმა, პრაქტიკაში იყოს ეფექტიანად დანერგილი და ამაზეც განხორციელდეს საპარლამენტო კონტროლი," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები