30 სექტემბერი 2022,   03:58
ვრცლად
ეპისკოპოსი მელქისედეკი უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის ნაწილის ბრალდებას უსაფუძვლოს და მართულს უწოდებს

ეპისკოპოსი მელქისედეკი უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის ნაწილის ბრალდებას უსაფუძვლოს და მართულს უწოდებს. მისი თქმით, პროცესი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა.

სასულიერო პირის ინფორმაციით, ის შეხვდა მრევლს, მაგრამ შეხვედრაზე არ მივიდნენ ისინი, ვინც დღეს აქცია გამართა. ეპისკოპოსი აცხადებს, რომ თავადაც სურს კომისიამ განიხილოს საკითხი და დადგინდეს რა მოხდა.

"ტაძარში სასულიერო პირებმა წირვა ჩაატარეს და არც შეწყდება. ის ფაქტი, რომ მე მათ არ ვესაუბრები, არის სიცრუე. მიუხედავად იმისა, შეუძლოდ ვარ, შეხვედრაზე მაინც მივედი და არცერთი ადამიანი, ვინც დღეს აქციას მართავდა, იქ არ ყოფილა. ნაწილი უბისას მრევლიც არაა. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.

მე მომხრე ვარ, შეიქმნას კომისია და გაირკვეს, რაშია საქმე. არ ვიცი რატომ და ვის მიერაა მართული, მაგრამ ფაქტია, ტაძრის მრევლიც არაა და მოყვანილი ყავდათ.

აღნიშნულ სასულიერო პირებზე რაც ითქვა, სიმართლე არაა. კრებსებში ერთზე იყო რაღაც და განრიდებული იყო მონასტრიდან, დანარჩენი არიან მონასტერში. არ შეიძლება სიცრუეზე დაყრდნობა და ამიტომ მოვითხოვ კომისიას," - განაცხადა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა.

შეგახსენებთ, უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა დღეს დილით ​ აჭედა და აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მივლენილი, მათივე განცხადებით საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირები.

აქციის მონაწილეები  საპატრიარქოს კომისიის ჩართულობას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ვიდრე ახალი ბერები მონასტერს არ დატოვებენ, უბისას ეკლესიაში წირვა არ ჩატარდება.

დღის ამბები