30 სექტემბერი 2022,   03:54
ვრცლად
პარლამენტი ამნისტიის ახალ აქტზე მუშაობას იწყებს - შესაბამისი ცვლილებები უკვე მზად არის

პარლამენტი ამნისტიის ახალ აქტზე მუშაობას იწყებს. შესაბამისი ცვლილებები უკვე მზად არის და საკანონმდებლო პაკეტის ავტორი, მიხეილ სარჯველაძე მას ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს. ამნისტია სასჯელის მოხდის განსხვავებული წესით დაანგარიშებას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც პატიმრობაში პანდემიის პერიოდში იმყოფება და ამის გამო გარკვეული უფლებები შეეზღუდა.

კანონპროექტის მიღების შემდეგ, განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენი პირები გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი სასჯელისგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისგან.

პროექტის თანახმად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე და ასევე, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდებათ. მათთვის პატიმრობის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღის შესაბამისი იქნება.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტით გათვალისწინებულ შეღავათებს ჯერ დეტალურად არ იცნობენ, თუმცა აცხადებენ, რომ თავად ამნისტიის იდეა ჰუმანური აქტია და მისაღებია.

იქამდე, ვიდრე საკუთარი ავტორობით ამნისტიის კანონპროექტის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნებენ, "გირჩის" წევრები "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას მმართველი ძალის მიერ ინიცირებულ პროექტზეც აპირებენ. იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებული ცვლილებები გაფართოვებას მოითხოვს, რადგან არსებული სახით ამნისტია მცირე რაოდენობის პატიმარს შეეხება.

ამნისტიის აქტი ასევე ითვალისწინებს ერთჯერადი ღონისძიების სახით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა, იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.

კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია ამნისტიის აღსრულების პროცედურები. ამნისტია ძალაში კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შევიდეს.

ამ დროისთვის კანონპროექტი კვლავ დამუშავების პროცესშია და ბუნებრივია, სიახლეები და უფრო მეტი დეტალი საკითხის საპარლამენტო განხილვების პროცესში გაირკვევა.

დღის ამბები