25 სექტემბერი 2022,   09:59
ვრცლად
რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს ყელის ტკივილის უკან - რა არ უნდა გამოგვეპაროს და როგორ ვიმკურნალოთ ექიმთან მისვლამდე  

რა იწვევს ყელი ტკივილის და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი - ცივი ამინდების დადგომასთან ერთად აღნიშნული პრობლემა ძალიან აქტუალური ხდება, ამას თან ემატება პანდემია. კოვიდინფექციის დროს ერთ-ერთ სიმპტომს (მაგრამ არა აუცილებელს) სწორედ ყელის ტკივილი წარმოადგენს.

ექიმი თერაპევტი, რევმატოლოგი ნინო ხიდეშელი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ყელის ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე  და მისი მკურნალობის სწორ მეთოდებზე საუბრობს. როგორც ექიმი ამბობს, ყელის ტკივილი გაღიზიანების, სიმშრალის და/ან "ფხაჭვნის" შეგრძნებაა, განსაკუთრებით კი ყლაპვის დროს. 

- რა არის ყელის ტკივილის ძირითადი მიზეზები:

"ყელის ტკივილს უმეტესად იწვევს ვირუსული, (გრიპის ვირუსი, Sars cov-19 და .ა.შ) ბაქტერიული და სოკოვანი (მაგ:Candida) ინფექცია. შედარებით იშვიათად, ყელის ტკივილის გამომწვევი შესაძლოა იყოს: ხორხის ხშირი ტრავმა ( მაგ: სიმღერა, ყვირილი,) გახანგრძლივებული ხველა, უცხო სხეული ყელში, სიმსივნური დაავადებები (ხორხის, ხახის), მონონუკლეოზი, სისტემური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და ა.შ.

- რა არის ყველაზე ხშირი სიმპტომი რაც ახლავს თან ყელის ტკივილს: 

"ყელის ტკივილი შეიძლება იყოს სიმპტოკომპლექსის ერთ-ერთი გამოვლინება. ყველაზე ხშირად მას თან ახლავს ხმის ტემბრის ცვლილება, ტემპერატურული რეაქცია, რესპირატორული გამოვლინებები( მაგ: სურდო, ხველა,) თავის ტკივილი, ჰიპერსალივაცია( გაძლიერებული ნერწყვდენა) სახსრების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და .აშ." - აცხადებს თერაპევტი.   

- როდის მივმართოთ ექიმს ყელის ტკივილის შემთხვევაში: 

"არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ყელის ტკივილის გამოვლენისას უმჯობესია, ოჯახის ექიმი ჩავაყენოთ საქმის კურსში და გამოვრიცხოთ კოვიდინფექცია. არის გარკვეული სიმპტომები, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ: თუ ყელის ტკივილი მწვავეა და დინამიკაში არ აღინიშნება გაუმჯობესება 48 სთ და მეტი ხანი, თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, თავის ტკივილი, გამონაყარი ტანზე ან პირის ღრუში გადიდებული ლიმფური კვანძები, უმადობა, ძლიერი სისუსტე. ასევე მნიშვნელოვანია დინამიკაში სიმპტომების გაუარესებისკენ ტენდენცია, მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. ეს არის ის საყურადღებო ნიშნები, რომლის გამოვლენის შემთხვევში აუცილებლად უნდა ვაცნობოთ ექიმს.  

- როგორ შეიძლება სახლის პირობებში ექიმთან მიმართვამდე ვმართოთ ყელის ტკივილი:

"მნიშვნელოვანია როგორ იწყება ყელის ტკივილი, თუ დასაწყისი მწვავეა (რომელსაც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები) უმჯობესია არ მივმართოთ თვითმკურნალობას და ექიმის მიერ მოხდეს როგორც სიმპტომების, ისე ყელის ვიზუალური მდგომარეობის შეფასება. ზოგადად ყელის ტკივილისას რეკომენდებულია ნეიტრალური საკვების მიღება: ძალიან ცხარე, მჟავე, ტკბილი საკვებიდან თავი უნდა შევიკავოთ. მიიღეთ მეტად თხიერი კონსტინტენციის საკვები. ასევე უმჯობესია საშუალო ტემპერატურის სითხეების გამოყენება (არ შეიძლება ძალიან ცხელი ან ცივი სითხეების მიღება). თავი უნდა ავარიდოთ გადაციებას. ხშირად აქტიურად იყენებენ სავლებებს, რაც ყველა ტიპის ყელის ტკივილისას არ არის რეკომენდებული. 

ყელის საწუწნი აბები მრავლადაა ფარმაცევტულ ბაზარზე, შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყელის ტკივილის გენეზი, გამოვიყენოთ ნეიტრალური გემოს მქონე საწუწნი აბები, რათა არ გამოვიწვიოთ დამატებითი გაღიზიანება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუ დინამიკაში ყელის ტკივილი არ უმჯობესდება ან ემატება გარკვეული სიმპტომები, უნდა მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევები," - ამბობს ექიმი თერაპევტი, ნინო ხიდეშელი.

დღის ამბები