30 სექტემბერი 2022,   03:11
ვრცლად
"თუ გინდათ გრინჩს დაემსგავსოთ, კი ბატონო, სხვას უხარია ახალი წელი და ნუ ჩააშხამებთ" - ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას

საკრებულომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. მან ასევე ისაუბრა მიმართულებებისა და პროექტების შესახებ, რომელიც უნდა დაფინანსდეს მომდევნო წლის ბიუჯეტიდან და რომლის საერთო მოცულობა არის 1 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი.

მისი თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსდება ტრანსპორტის მიმართულება, ასევე განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

სხდომაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. ოპოზიციის წევრებმა ისაუბრეს ტრანსპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

"ტრანსპორტიც კი ამ ქალაქში უკვე ფუფუნების საგნად იქცევა," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნინო კვიტაიშვილმა.

"ქალაქის მერი საახალწლოდ გადაიღებს ფოტოებს ნაძვის ხესთან, აღნიშნავს საახალწლო ღონისძიებებს, რომელშიც დაიხარჯა რამდენიმე მილიონი ლარი და რომელიც არის სრულიად შეუფერებელი იმ მდგომარეობისთვის, რომელ მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ. ასეთ ვითარებაში და მზარდი სიკვდილიანობისა და სიღარიბის პირობებში ახალი წლის პომპეზურად აღნიშვნა არის უბრალოდ ამორალური," - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ.

ოპოზიციის ამ განცხადებებს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ოპონენტები საკითხის ინტერპრეტირებას ახდენენ.

"ფილმის პერსონაჟია გრინჩი, როგორ არ უყვარდა შობა, თუ გინდათ მას დაემსგავსოთ, კი ბატონო, უყურეთ ამ ფილმს და იცხოვრეთ ასე. სხვას უხარია ახალი წელი და ჩააშხამებთ ამ თქვენი გამოსვლებით. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი და არავინ არავის არ ძარცვავს დღეს ქვეყანაში. ყველა ხედავთ როგორ მუშაობს სატრანსპორტო პოლიტიკა, როგორ განვითარდა დღეს ქვეყანაში ტრანსპორტი," - მიმართა ოპონენტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები