06 ოქტომბერი 2022,   12:00
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროდან ჯანდაცვაში - ზურაბ აზარაშვილის სამუშაო გამოცდილება და განახლებული დავა ოპონენტებში, უნდა იყოს თუ არა ჯანდაცვის მინისტრი ექიმი

გამოწვევებთან გამკლავებას თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრის სტატუსით შეეცდება.

ფინანსური და მენეჯერული უნარები - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლის გათვალისწინებითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევანი სწორედ აზარაშვილზე შეაჩერეს.

2 კვირიანი პროცესი დღეს მთავრობის კანცელარიაში ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურის დასახელებით დასრულდა.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, მოქმედი და მომავალი მინისტრები, ერთმანეთს ჯანდაცვის უწყებაში შეხვდნენ. გადამდგარმა მინისტრმა, მის შემცვლელს წარმატება უსურვა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები გააცნო.

ახალ მინისტრთან თანამშრომლობაზე ოპოზიციაში ჯერ ვერ საუბრობენ. ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ წარდგენილ კანდიდატს ჯანდაცვის სისტემის მართვისთვის აუცილებელი კომპეტენცია არ აქვს.

მინისტრობის კანდიდატის კომპეტენციაში დარწმუნებული არიან სახელისუფლებო გუნდში. "ქართულ ოცნებაში" პრემიერს გადაწყვეტილებას უწონებენ.

ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი საკუთარ ადგილს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში უახლოეს მომავალში დაიკავებს. სახელისუფლებო გუნდში ახალ წევრს უკვე ელოდებიან.

წარდგენის შემდეგ ზურა აზარაშვილი მინისტრის პორტფელს ოფიციალურად მაშინ გადაიბარებს, როდესაც შესაბამის ბრძანებას ხელი მოეწერება. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - 6 მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე უწყებისა და კოვიდ პანდემიის მართვას ახალი ჯანდაცვის მინისტრი. 

 

დღის ამბები