06 ოქტომბერი 2022,   11:31
ვრცლად
ახალი კანონპროექტი და 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტი - რატომ იყოფა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და რომელი უწყებები ჩაანაცვლებს მას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა ბიურომ მიიღო. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილების მიხედვით, ინსპექტორის ნაცვლად, საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა შეიქმნება. ინიციატივას ბიუროზე დაპირისპირება მოჰყვა.

ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაციის აუცილებლობაზე დღეს კანონპროექტის ინიციატორებმა თავადაც ისაუბრეს. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ სამსახური ფუნდამენტურად განსხვავებულ ფუნქციებს ითავსებს, რაც მის მოქნილობას აფერხებს. კანონმდებლებმა ისიც განმარტეს, რომ თანამშრომლების გათავისუფლება არ იგეგმება.

გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა საჯარო მოხელისთვის - ასე აფასებს კანონპროექტს თავად ლონდა თოლორაია. სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა და დღის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებიც გამართა. სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტს პროცესისთვის გამჭვირვალედ წარმართვის რეკომენდაცია მისცა ამერიკის ელჩმა.

სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციას იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. პოლიტიკოსები პროცესს დამოუკიდებელი ინსტიტუციების წინაააღმდეგ ბრძოლას უწოდებენ.

კრიტიკა დაუსაბუთებლად და არაარგუმენტირებულად მიაჩნიათ "ქართული ოცნების" ლიდერებს. მათი თქმით, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა სამსახურების გაერთიანება ორი წლის წინ, ექსპრემიერ გახარიას ინიციატივა იყო, რომელმაც არსებულ გამოწვევებს ვერ უპასუხა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ რეორგანიზაცია სამსახურებს ეფექტური კონტროლის შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტს, პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაჩქარებული ვადით განიხილავს.

დღის ამბები