25 სექტემბერი 2022,   08:02
ვრცლად
"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ - ვინ როგორი განწყობით დატოვა ათონელის რეზიდენცია

უკვე მეორე კვირაა საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის მიღწევის გზებს პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრების საშუალებით ეძებს. სალომე ზურაბიშვილის მიერ შერიგების ინიციატივის გამოცხადების შემდეგ, რეზიდენციაში პირველად მივიდნენ მმართველი პარტიის ლიდერები. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ეროვნული თანხმობისთვის აუცილებელი პირობა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს შანსი უნდა ქონდეს - ასე ფიქრობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ნიკა მელიაც პრეზიდენტთან დღეს პირველად იმყოფებოდა. ეროვნული თანხმობის იდეა ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვისაც მისაღებია, თუმცა წინაპირობებს პროცესის შედეგიანად დასრულებისთვის ნიკა მელიაც ასახელებს.

სალომე ზურაბიშვილის როლზე შერიგების პროცესში აქცენტი გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. ყოფილმა პრეზიდენტმა გორის ჰოსპიტალში დღეს მისი წინამორბედი მოინახულა და თქვა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატი ერთიანობის გზავნილი უნდა გახდეს. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურად მიჩნეულ საქმეებზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივასაც გამოთქვამს, თუმცა მეოთხე პრეზიდენტის გზავნილები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის.

სამოქალაქო თანხმობის მიღწევა რომ ხანგრძლივი და რთული პროცესია - ამ საკითხზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი. გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს დღის ბოლოს შეხვდა და ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურდღება.

პოლიტიკური შერიგება პარტიებს შორის, თუ თანხმობა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე - პროცესი პრეზიდენტის ინიციატივით უკვე დაწყებულია, თუმცა განსხვავებულია ამ პროცესის აღქმა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მათი და პრეზიდენტის მოსაზრებები ამ საკითხზე თანხვედრაშია.

პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

დღის ამბები