06 ოქტომბერი 2022,   10:52
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრიან - ოპოზიცია ცვლილებებს ლონდა თოლორაიას დასჯად მიიჩნევს 

სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრიან - განხილვა ამ წუთებშიც გრძელდება.

წინადადების დაჩქარებული წესით მიღებას ოპოზიცია ეწინააღმდეგება, დეპუტატებმა მმართველ გუნდს კრიტიკული კითხვები დაუსვეს. მათ შორის დაინტერესდნენ, რატომ არ ფართოვდება ინსპექტორის მანდატი, რა დაბრკოლებები შექმნა საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის უფლებამოსილების ერთ სამსახურში გაერთიანებამ, რატომ არის საჩქარო ამ კანონის მიღება და რა ბედი ელით დასაქმებულ თანამშრომლებს.

"პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ გულწრფელობა უნდა იყოს და პირდაპირ დავარქვათ სახელი - არა რეფორმა, არამედ უწყების და უწყების ხელმძღვანელის დასჯა სამაგალითოდ, რომ ერთის დასჯით დავაშინოთ ათასები," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება პარლამენტის რეპუტაციას დააზიანებს:

"ჯიუტი სურვილს, რომ ერთი ადამიანი იქნეს გათავისუფლებული სამსახურიდან, არ უნდა შევწიროთ პარლამენტის რეპუტაცია და ქვეყანას არ უნდა მივაყენოთ ზიანი,"- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

კრიტიკის პასუხად არგუმენტები აქვთ მმართველ გუნდში, "ქართულ ოცნებაში"  ევროპულ პრაქტიკასა და ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე საუბრობენ.

"დაჩქარებული პროცესი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არსობრივი, საგნობრივი და შინაარსობრივი განხილვა არ შეგვიძლია ამა თუ იმ საკითხის და თითქოს არ არის იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს და კიდევ უფრო პროგრესული გახდეს ინიციატივა. დაჩქარებული პროცესის დემონიზებას ვინც ცდილობს დღეს, ესეც არ არის სწორი და ეს არგუმენტიც ძალიან სუსტია," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მხოლოდ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას არ შეეხება, ოპოზიცია პასუხს ითხოვს კითხვებზე იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება ეს ცვლილება და ხომ არ აქვს ამ პროცესს პოლიტიკური მოტივი.

"სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში არ მოისმინეთ. არც არასდროს მოისმენთ იმიტომ, რომ ამ ანგარიშის დრო რომ მოვა ის უკვე სახლში იქნება გაგდებული," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამ ცვლილებების რეალური მიზანი ლონდა თოლორაიას სამსახურიდან გაშვებაა.

"არაერთხელ გვითხარით, რომ მოტივაცია არ არის სახელმწიფო ინსპექტორის პერსონალურად დასჯა, თუმცა მე მომწონს იდეა, რომელიც აქ იქნა გაჟღერებული, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს დაერქვას ლონდა თოლორაიას სახელობის საკანონმდებლო ცვლილებები, იმიტომ რომ რეალურად ყველა ვხედავთ, ერთადერთი ამოცანა არის რომ კონკრეტული ადამიანი იქნას გასტუმრებული სამსახურიდან," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

რეალური მიზეზის გამხელას ითხოვს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

"ლონდამ შეგაშინათ, ერთმა ადამიანმა თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით შეგაშინათ, გეშინიათ და ამიტომ იღებთ ამ კანონებს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობს და პასუხისმგებლობას არ იღებს:

"ჩვენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არაფერი გვაქვს დასამალი, გულწრფელად ვაფიქსირებთ იმ პოზიციას, რასაც მივიჩნევთ უკეთესად, ასე იყო მაშინ, როდესაც ვაძლიერებდით სახალხო დამცველის ინსტიტუტს, მაშინ როდესაც  სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყო მუშაობა, ასე იყო, როდესაც შეგვქონდა ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რითაც გაძლიერდა ოპოზიციის ჩართულობა. სამწუხაროდ ეს ცალმხრივი, ერთპარტიული გადაწყვეტილებები ხდებოდა, ოპოზიცია გაურბოდა გადაწყვეტილებების მიღებას და პასუხისმგებლობის აღებას," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები