06 ოქტომბერი 2022,   10:55
ვრცლად
მოლდოველი ტურისტების საბედისწერო მგზავრობა გუდაურში - რა გახდა ჟინვალში მომხდარი ავარიის მიზეზი, რომელსაც 3 ადამიანი შეეწირა 

ტრაგედია ჟინვალში - ტურისტებით სავსე მიკროავტობუსისა და მსუბუქი მანქანის შეჯახებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები მოლდოვას მოქალაქეები არიან. დედასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე არასრულწლოვანი დაიღუპა. მესამე გარდაცვლილი ტურისტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც დუშეთის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დანარჩენი 5 მგზავრი დუშეთიდან, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, რეანომობილით თბილისში ეტაპობრივად გადაიყვანეს.

დაშავებული 5 პირიდან სამი არასრულწლოვანია. ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი მრავლობითი მოტეხილობებით ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.

მოლდოველი ტურისტები საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდნენ, მიკროავტობუსი იქირავეს და გუდაურში მიემგზავრებოდნენ. ჟინვალსა და ანანურს შორის სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მხრიდან მომავალ "ნივის" მარკის მანქანას შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან ავტომობილების მძღოლები. ისინი სამართალდამცველებს და მაშველებს დაშავებულების ხევიდან ამოყვანაში ეხმარებოდნენ.

გარდაცვლილი ტურისტების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კი, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მოყინული გზა თუ მაღალი სიჩქარე - რა გახდა შეჯახების მიზეზი მიმდინარე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის და "ნივის" მძღოლები უკვე გამოკითხეს.

დღის ამბები