30 სექტემბერი 2022,   03:33
ვრცლად
არიან თუ არა რუსეთის ჯაშუშები საქართველოში - რას ჰყვება სუს-ის ხელმძღვანელი კონტრდაზვერვის 12 საქმეზე

კონტრდაზვერვის სამსახური გამოძიებას 12 საქმეზე აწარმოებს. ეხება თუ არა ეს საქმეები ჯაშუშებს და არიან თუ არა მათ შორის რუსეთის სასარგებლოდ მომუშავეები. ამ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული ეს შემთხვევა უკავშირდება ჯაშუშურ ქსელებს, უკავშირდება კონკრეტულ თემებს, რომლებიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ წარმოადგენდა დიდი ინტერესის მქონე საკითხებს და დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობდა 12-ვე შემთხვევაში, თუმცა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ გამოვლენილი ჯაშუშების სამართლებრივად დასჯა. მთავარი მიზანი არის ჯაშუშური ქსელების გამოვლენა და საქმიანობის ხელშეშლა. გაძევებები ჩვენც გაგვიკეთებია, თუმცა ამას საჯაროდ არ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, მათ შორის რუსეთის ჯაშუშების. შეკავების პოლიტიკა, მათ შორის საზღვარზე, გამოვლენილი ჯაშუშებისთვის დისკომფორტის შექმნა, არის საფუძველი იმისა, რომ ნაკლები ჯაშუში იმყოფებოდეს ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი მოტივი და არა ის, რომ სატელევიზიო შოუები მოვაწყოთ ბორკილდადებული ჯაშუშების ჩვენებით, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო, ჩვენთვის საინტერესოა ჯაშუშური ქსელი იქნას გამოვლენილი, გაუვნებელყოფილი და ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

დღის ამბები