06 დეკემბერი 2022,   12:03
ვრცლად
როგორი იყო მსოფლიო 2021 წელს - გარდამტეხი პოლიტიკური ფაქტები, კატაკლიზმები, პანდემიას შეწირული ადამიანები

წლის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც დაარწმუნა მსოფლიო, რომ წელი მარტივი არ იქნებოდა, კაპიტოლიუმის შტურმი იყო. ტრამპის წაგების შემდეგ დემოკრატიის ბასტიონში 500-მდე დემონსტრანტი შეიჭრა. ოვალურ კაბინეტში ახალი პრეზიდენტის შესვლამ ვერ განმუხტა დაძაბულობა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. სანქციებით, მუდმივი მუქარებისა და ულტიმატუმების ფონზე წელს ვასრულებთ ისე, რომ მთელი მსოფლიო რუსეთის უკრაინაში შეჭრის მოლოდინშია.

მოსალოდნელ ომს წინ უძღოდა კიდევ ერთი ომი რეგიონში: სომხეთ-აზერბაიჯანის შეირაღებული დაპირისპირება, რომელმაც ყარაბაღის სტატუს კვოს შეცვლასთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ახალი როლიც გამოაჩინა. 2021 წელი განსაკუთრებული იყო ავღანეთისთვის, რომელიც ისევ წარსულში დაბრუნდა.

ჩვენს მაყურებელს ახსოვს სუეცის არხში გაჭედილი სატვირთო ხომალდიც, რომელმაც 400 გემის საცობი შექმნა.

წლის შოკი იყო კორონავირუსის აფეთქება ინდოეთში, სადაც გვამებს ქუჩაში წვავდნენ. ამას მოჰყვა საშინელი წყალდიდობა გერმანიაში, სადაც წელს მერკელის ეპოქა დასრულდა.

წლის კიდევ ერთი სევდიანი სანახაობა მაყურებლის გარეშე ჩატარებული ოლიმპიადა გახდა.

წელს, 2014 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იყო ისრაელ-პალესტინას შორის. მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს "ალ ჯაზირას" ოფისისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი შენობების დაბომბვასა და ნგრევას.

120 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, მასშტაბური წვრთნები და სამხედრო ტექნიკის უპრეცენდენტო მობილიზება უკრაინის საზღვართან - 2021 წელი უკრაინა-რუსეთს შორის ე.წ. ცივმა ომმაც დაგვამახსოვრა, რომლის განახლების რისკის დღესაც მაღალია.

დასავლეთის ჩართულობამ, მსოფლიო, უკრაინა-რუსეთის ომს აარიდა, თუმცა ეს ვერ მოხდა აზერბაიჯანი-სომხეთის შემთხვევაში. 44 დღიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ეს ქვეყნები მორიგ სასაზღვრო კონფლიქტში კვლავ აღმოჩნდნენ ჩათრეული. დაპირისპირებას ათობით გარდაცვლილი და ასობით დაშავებული ჰყავს.

დესტაბილიზაცია, შტურმი და ჰიბრიდული ომი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე - ეს იყო კიდევ ერთი გამოწვევა მსოფლიოსთვის, რომელიც მასშტაბურ საიმიგრაციო კრიზისში გადაიზარდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით ადამიანმა სცადა პოლონეთში მიგრაციის მიზნით არალეგალურად შეეღწია. დასავლეთი კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ლუკაშენკოს ადანაშაულებდა, რომელმაც მიგრანტები ევროკავშირთან ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენა.

ეს ისტორიული კადრები, რომელიც ქაბულის დაცემას მოჰყვა, ალბათ არავის დაავიწყდება. 20 წლის შემდეგ "თალიბანმა" ისევ შეძლო ავღანეთის ხელში ჩაგდება. პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა, ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "თალიბანის" მებრძოლები ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ, ავღანეთის ჯარი კი დაიშალა. მსოფლიო მოვლენების არქივი ინახავს მძიმე კადრებს ქაბულის აეროპორტიდან.

წელს რკინის ფრაუს, ანგელა მერკელის კანცლერობის 16 წლიანი ეპოქა დასრულდა. გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსი უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს.  

ინდოეთის კრემატორიუმები და ღია ცის ქვეშ ჩატარებული ცერემონიალები 2021 წლის კოვიდკატასტროფის სიმბოლოდ იქცა. ვირუსის უკან დამალულმა სიკვდილმა მხოლოდ წელს, პლანეტის 3 მილიონ ნახევარ ადამიანს წაართვა სიცოცხლე.

გამორჩეული იყო 2021 სტიქიური მოვლენებითაც, წყალდიდობები, ქარიშხლები, ცუნამები, მიწისძვრები, ხანძრები, კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგები ათასობით ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

2021 წელი გამოწვევებითა და კრიზისებით სავსე წელი აღმოჩნდა, თუმცა იყო დასამახსოვრებელი მხიარული მომენტებიც. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც არაერთი მცდელობის მიუხედავად ქოლგა ვერ გახსნა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე ასვლისას რამდენჯერმე წაიქცა. საფრანგეთის პრეზიდეტი ემანუელ მაკრონი, რომელიც კუნძულ ტაიტიზე სტუმრობის დროს ფაქტობრივად ყვავილების თაიგულებით დაფარეს.

დღის ამბები