09 აგვისტო 2022,   10:59
ვრცლად
"არ მაწყობდა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა, მე და იაგოს სანაძლეო გვაქვს დადებული" - ალექსანდრე რაქვიაშვილია

"ლეიბორისტული პარტიის" მხრიდან პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ გაიხსენა, თუ როგორი სიძულვილის ენით საუბრობდნენ "ლეიბორისტული პარტიის" წევრები მათზე, ვინც პარლამენტში შევიდნენ. თუმცა, მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია. 

"სჯობს გვიან, როგორც არასდროს. ის, რომ გადაბრალებით უნდათ შემოსვლა, ეს ხალხმა განსაჯოს. ისე, ცუდი არ იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტში სრულად იქნება წარმოდგენილი. ჩვენს გვაქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ და მჯერა, რომ მოვალთ ხელისუფლებაში და თუ ამ ბრძოლაში შალვა ნათელაშვილი იქნება ჩვენს გვერდით, მე მივესალმები,"-აცხადებს მანჯგალაძე.

"გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ მას "არ აწყობდა" ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა, რადგან, ამ შემთხვევაში, იაგო ხვიჩიასთან დადებულ სანაძლეოს წააგებს. 

"პირადად მე შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე არ მაწყობდა. თავიდანვე, მე და იაგო დავნაძლევდით, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი, ის პოლიტიკოსები, რომელთაც ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ პატიოსნებაზე, შეასრულებდნენ თუ არ შეასრულებდნენ თავის სიტყვას. როგორც ჩანს, როგორც "მოსულა" პოლიტიკაში, ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, ასე ხდება.

რაც შეეხება "ლეიბორისტების" მიერ პარლამენტის აწიოკებას, თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და აშკარად უფრო სამუშაო გარემო გვექნება,"-აცხადებს რაქვიაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ განსხვავებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ოპოზიციის კონსოლიდაცია ისეთ საკითხებზე, როგორიც, თუნდაც, საგამოძიებო კომისიების შექმნაა. 

"ახლა ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება კონსოლიდირება და კონკრეტულ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, საგამოძიებო კომისიები, გვქონდეს ერთიანი, სწორი და თანმიმდევრული პოზიცია. ამას აქვს მნიშვნელობა, ვიდრე წყენებს. წყენებს გადავლახავთ - მნიშვნელოვანია კონკრეტული, კოორდინირებული ქმედებები იმისთვის, რომ რაღაც მიზანს მივაღწიოთ,"-აცხადებს დოლიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები