09 აგვისტო 2022,   11:48
ვრცლად
26 დაღუპული და 4 000-მდე დაკავებული აქტივისტი, არეულობის შედეგი ყაზახეთში - პრეზიდენტმა დემონსტრანტები დღეს ტერორისტებად მოიხსენია

ყაზახეთის ქალაქებში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. გრძელდება სამხედრო დანაყოფების მობილიზებაც, მალე ქვეყანაში ყირგიზეთიდან დამატებით 150 ჯარისკაცი შევა, ტაჯიკეთიდან კი 200. ყაზახეთი მორიგი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, სადაც რუსეთმა ჯარი შეიყვანა. იმ ქვეყნის სამხედროებს შორის, რომლებიც ყაზახეთში მშვიდობის დასამყარებლად გაემგზავრნენ, ყველაზე მეტი, 3 000 კაციანი კონტიგენტი სწორედ რუსეთს ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის საზღვარი უკვე გადაკვეთეს რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების სპეცრაზმის 45-ე და 31-ე ბრიგადებმა, ასევე 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიამ. 45-ე ბრიგადა, რომელიც რუსული არმიის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ დანაყოფად მიიჩნევა, მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომებში, 2008 წლის აგვისტოს სამხედრო შეიარაღებულ დაპირისპირებაში და ყირიმის ანექსიის ოპერაციაში. ყაზახეთში ჩასულ კოლექტიურ თავდაცვის ძალებს გენერალიც რუსი ეყოლებათ.

სამხედრო შენაერთების გაძლიერებასთან ერთად, კონფლიქტის ზონაში ვითარება სულ უფრო მეტად რთულდება. შეზღუდულია წვდომა სახელმწიფო სერვისებსა და ინტერნეტზე. დამწვარია სამთავრობო შენობები და განადგურებულია პოლიციის ავტომობილები.

დაწესებული კომენდანტის საათი ღამის 11-დან დილის 7 საათამდე მოქმედებს. ყაზახეთის პრეზიდენტმა დემონსტრანტები დღეს "ტერორისტებად" მოიხსენია და შეიარაღებულ ძალებს ამბოხებულებისთვის ცეცხლის­ გაუფრთხილებლად გახსნის უფლებაც მისცა. მიმართვაში ყასიმ ჟომართ თოყაევმა ისიც განაცხადა, რომ კონტროლი დაიბრუნა ალმათის სამთავრობო შენობებზე. ისიც თქვა, რომ ინტერნეტზე წვდომაც აღდგება, ოღონდ შეზღუდვებით. არც რუსეთის პრეზიდენტი დავიწყებია, რომელსაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით 4 000-მდე აქტივისტია დაკავებული. დაღუპულია 26 ადამიანი, დაჭრილია 18. შეტაკებებს დღეს ჟურნალისტიც შეეწირა, რომელიც ყაზახეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობდა. მოკლულია 18 სამართალდამცველი, მათგან 2 გუშინ თავმოჭრილი იპოვეს.

ვინც არეულობასა და შეტაკებებს გადაურჩა, ქვეყნიდან გარბის. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის შესახებ. მედია წერს, რომ მან ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა და მისი კუთვნილი თვითმფრინავი ბიშკეკის აეროპორტში დაეშვა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

შუა აზიაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების ყურადღების ეპიცენტრშია. განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლსა და ევროკავშირში. დასავლეთი დიალოგის საჭიროებასა და ვითარების დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

ბოლო ინფორმაციით, ქვეყანა 1000-მა მოქალაქემ უკვე დატოვა, მათ ყირგიზეთს შეაფარეს თავი. ყაზახეთში საქართველოს საელჩო კვლავ მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს მოქალაქეებთან და მუშაობს, რომ ისინი სამშობლოში დროულად დაბრუნდნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებში საწვავზე გაძვირებულმა ფასმა გამოიყვანა. საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა, თუმცა ამბოხებულები ამან ვერ შეაჩერა და დასახმარებლად ქვეყნის ხელისუფალმა მოსკოვს მიმართა.

დღის ამბები