11 აგვისტო 2022,   06:38
ვრცლად
"ეკონომიკური ზრდა არ უნდა იყოს ვირტუალური და უნდა აისახოს ხალხის მდგომარეობაზე" - პაატა მანჯგალაძე

მთავრობის წევრების მიერ ეკონომიკურ ზრდაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ პარლამენტშიც. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ოფიციალური სტატისტიკა  მოსახლეობის მდგომარეობაზეც აისახება.

"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პირველ რიგში, უნდა აისახოს ხალხის მდგომარეობაზე. ჩვენ რაც ვიცით, ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ვფიქრობ, ის ეკონომიკური ზრდა, რაზეც საუბრობს ხელისუფლება, არ უნდა იყოს ვირტუალური და აისახოს ხალხის მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ, პირიქით - სიღარიბე არ მცირდება, იზრდება,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

"გირჩში" კი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ზრდა მომავალი წლისთვის ვეღარ შენარჩუნდება, თუ მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. 

"რა თქმა უნდა, ზრდა იქნებოდა იმხელა შეზღუდვების და შემდეგ მათი მოხსნის ფონზე. თუმცა, ველოდები, რომ ეს ზრდა არ შენარჩუნდება მომავალ წელს, თუ "ქართულმა ოცნებამ" არ გადადგა რაიმე ისეთი ნაბიჯები, რაც ბიუროკრატიულ თუ სხვა სახის წინაღობებს ბიზნესს მოუხსნის,"- აცხადებს ჰერმან საბო.

მმართველი გუნდის წევრი დავით სერგეენკო კი მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე მეტად მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რასთან დაკავშირებითაც დღეს პრემიერმა ისაუბრა. 

"ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, რაც მცირე პერიოდში უნდა დაეხმაროს მოსახლეობას იმისათვის, რომ კატასტროფული დანახარჯები, რომელიც არის, მაგალიათად, მედიკამენტებზე, შეამციროს. ეს არის ქმედითი ნაბიჯები,"-აცხადებს დავით სერგეენკო.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი კი აცხადებს, რომ გაჯანსაღება თითქმის ყველა სექტორში მიმდინარეობს, მათ შორის, ტურიზმის სფეროშიც. 

"ეკონომიკური ზრდა და გაჯანსაღება თითქმის ყველა სექტორში მიმდინარეობს, როგორიცაა მრეწველობა, ტურიზმი, მომსახურების დარგები. ადგილობრივმა ექსპორტმაც მოიმატა დაახლოებით 28%-ით, ასევე, გაიზარდა ტურიზმიდან შემოსავლებიც. მართალია, პანდემიამდელ ვითარებას ჯერ კიდევ ვერ გაუტოლდა, რადგან პანდემიური პროცესები ჯერაც მიმდინარეობს როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში და შესაბამისად, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 50%-იანი აღდგენა განიცადა, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის,"- აცხადებს ეკა სეფიაშვილი. 

ცნობისთვის, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს.

დღის ამბები