06 დეკემბერი 2022,   12:13
ვრცლად
კოვიდ ინფიცირებული პაციენტები "პაქსლოვიდისა" და "მოლნუპირავირის" მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ორი მედიკამენტის - "პაქსლოვიდისა" და "მოლნუპირავირის" მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ.

როგორც ცერცვაძემ მედიასთან განაცხადა, ასევე განიხილავენ "რემდესივირის" გამოყენებას ბინაზე, თუმცა საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

"ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი - "პაქსლოვიდი" და "მოლნუპირავირი", რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც მათ მიიღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან 4 დღის განმავლობაში. ასევე განვიხილავთ მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტის - "რემდესივირის" ბინაზე გამოყენებასაც, რომელსაც ახლა მხოლოდ კლინიკაში ვიყენებთ. ოღონდ ეს ძნელი იქნება ტაბლეტირებულთან შედარებით, რადგან ინტრავენური გადასხმაა. "რემდესივირის“ გამოყენებაც განიხილება სამი დღის განმავლობაში," - განამარტა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება მედიკამენტების რაოდენობას, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ 40 ათასი ფლაკონი "რემდესივირი" აქვს, რაც 7 ათასი პაციენტისთვისაა საკმარისი.

"ასევე, უკვე მიიღო სამინისტრომ "რემდესივირის" დამატებითი, ძალიან სერიოზული პარტიის შემოსატანად ზომები, რომელიც ყველა ავადმყოფისთვის "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაშიც საკმარისი იქნება.

"რემდესივირი" სხვა მედიკამენტებთან შედარებით იაფია, 9 დოლარად ვყიდულობთ ერთ კოლოფს. ერთ პაციენტს კი 6 კოლოფი სჭირდება," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, "პაქსლოვიდს“ საქართველო 2-3 კვირის ვადაში მიიღებს, ხოლო "მოლნუპირავირს“ უახლოეს კვირებში.

"ორივე მედიკამენტი მოქმედებს როგორც "დელტა“ შტამზე, ასევე "ომიკრონზეც". ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ "ომიკრონის" მე-6 ტალღის უმკაცრეს გამოწვევას ღირსეულად შევხვდებით და შედარებით ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოხდა," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ტაბლეტირებულ მედიკამენტებს -Pfizer-ის ნაწარმს, "პაქსლოვიდს" და "მერკის" ნაწარმს - "მოლნუპირავირს" პაციენტებს სახელმწიფო მიაწვდის, რადგან ისინი თავისუფალ გაყიდვაში მსოფლიოში არსად არის და დეფიციტურია.

"მათი განაწილების გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე ხდება. საქართველო ამას ცენტრალიზებულად მიიღებს და თვითონ დაუნაწილებს სამინისტრო ყველა ონლაინკლინიკას და ყველა ოჯახის ექიმს. მათზე წვდომა ყველა ავადმყოფს ექნება," - განაცხადა ცერცვაძემ.

დღის ამბები