19 იანვარი 2022,   03:05
ვრცლად
"კურიერი" ყაზახეთშია - როგორ შეიცვალა ერთ კვირაში ქვეყანა და როგორ გამოიყურება მისი უმსხვილესი ქალაქი დაპირისპირების შემდეგ

"კურიერი" ყაზახეთშია. რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ წუხელ "რუსთავი 2-მა" საზღვარი გადაკვეთა და ახლა უკვე ალმატიში იმყოფება.

როგორ შეიცვალა ერთ კვირაში ქვეყანა და როგორ გამოიყურება ყაზახეთის უმსხვილესი ქალაქი, რომელმაც ბოლო წლებში უდიდესი ეკონომიკური, სამშენებლო და საინვესტიციო ბუმი განიცადა.

გადამწვარი შენობები, დარბეული და გაძარცვული მაღაზიები, მიტოვებული ავტომანქანები - ალმათი საომარი მოქმედებების ზონას ჰგავს.

ქალაქში აფეთქებების ხმა აღარ ისმის, მოროდიორობა და ხანძრები დასრულებულია, თუმცა მოსახლეობა ჯერ შოკიდან ვერ გამოდის.

საგანგებო მდგომარეობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ყაზახეთის სამ რეგიონშია გაუქმებული.
დღეს ყაზახეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ქვეყნებმა, თუმცა ერთ დღეში გადასროლილ ჯარს, ყაზახეთიდან გასასვლელად 10 დღე დასჭირდება.

ალმათიში ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. მათ შორის დაუზუსტებელია რამდენი ადამიანი შეეწირა დაპირისპირებას, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი განსხვავებულ სახელებს არქმევს. ოფიციალურად ეს გადატრიალების მცდელობის ჩახშობა და ანტიტერორისტული ოპერაციაა, აქტივისტებისთვის კი საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც უმართავ პროცესში გადაიზარდა და უმძიმესი შედეგებით სრულდება.

დღის ამბები