19 იანვარი 2022,   01:57
ვრცლად
ჟენევის, ბრიუსელის, ვენის შეხვედრები და სამი იმედგაცრუება - დასავლეთი კრემლის ულტიმატუმებზე დამორჩილებას არ აპირებს

მესამე იმედგაცრუება 1 კვირაში - რუსეთმა დასავლეთისგან ვერც ვენაში მოისმინა ის, რისი მოსმენაც სურდა. ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს დახურული შეხვედრა პირველმა, სწორედ რუსულმა მხარემ შეაფასა.

კრემლში აღნიშნავენ, რომ რუსეთს დიალოგის გაგრძელების პოლიტიკური ნება ექნებოდა, დასავლეთისგან კონსტრუქციულ სიგნალებს რომ ხედავდეს. მიუხედავად ამგვარი პოზიციისა, ბრიუსელი რუსეთისგან მაინც ელის პასუხს შეთავაზებაზე - ევროპულ უსაფრთხოებაზე დისკუსიები გაგრძელდეს. ამაზე დღეს იენს სტოლტენბერგმაც ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ NATO-რუსეთის გუშინდელ საბჭოზე საქართველოც განიხილეს.

NATO-ს თავდაცვის მინისტრების სამხედრო კომიტეტი საქართველოსთან და უკრაინასთან დღესაც მსჯელობდა. მსჯელობა შედგა საფრანგეთის ქალაქ ბრესტშიც, სადაც დასავლეთსა და რუსეთს შორის გაზრდილ დაძაბულობაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. ცნობილია, რომ ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში აღმოსავლელ პარტნიორებს მხარდაჭერას გაუზრდიან - ეს კი საქართველოზეც ვრცელდება.

ჟენევის, ბრიუსელისა და ვენის შეხვედრებს ყურადღებით აკვირდებიან თბილისში. დღეს საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა პარლამენტში სამინისტროს წარმომადგენლები სპეციალურად იმ მიზნით დაიბარეს, რომ დახურულ კარს მიღმა მეტი დეტალი მოესმინათ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც პრაქტიკულად საქართველოს გეოპოლიტიკურ ბედს წყვეტენ.

რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული დიალოგისა და NATO-რუსეთის საბჭოს შემდეგ, ვენის შეხვედრები პრაქტიკულად მოლაპარაკებების მესამე და დასკვნითი ნაწილი იყო, რომლითაც რუსეთი იმედოვნებდა, რომ NATO აღმოსავლელ პარტნიორებს კარს დაუხურავდა.

რუსეთმა მიზანს ვერ მიღწია - მოსკოვში დაბრუნებული დიპლომატები ანგარიშს უკვე პუტინს ჩააბარებენ. კრემლი მომდევნო ნაბიჯებს სწორედ ამის შემდეგ აანონსებს.

დღის ამბები